მამუკელაშვილის 24 ქულა, 15 მოხსნა და გასვლითი მარცხი G-ლიგაში

მამუკელაშვილის 24 ქულა, 15 მოხსნა და გასვლითი მარცხი G-ლიგაში

სანდრო მამუკელაშვილს ნბა-ს მოქმედ ჩემპიონ “მილუოკი ბაქსთან” ორმხრივი კონტრაქტი აქვს, რაც მის ამ კლუბში თამაშსაც გულისხმობს და G-ლიგის “ვისკონსინ ჰერდშიც”. ეს უკანასკნელი მილუოკური გუნდის სატელიტია და ნბა-ს განვითარების ლიგაში თამაშობს. მამუკელაშვილმა ვისკონსინურ გუნდში მორიგი მატჩი ჩაატარა და თავისიანთანაგ საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ეს მოხდა გასვლით მატჩში, რომელიც “ვისკონსინმა” “სქაიჰოუქსთან” 124:131 წააგო. სანდრომ 37 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა – 24 ქულა, 15 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება. ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ვისკონსინში მამუკელაშვილზე შედეგიანი რაიონ ტაკლერი იყო, რომელმაც 31 ქულა მიითვალა, მაგრამ სანდრო თანაგუნდელთა შორის ერთადერთი გახლდათ, ვინც ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ვისკონსინ ჰერდი 8 მოგებით და 17 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 მარტს, ისევ სქაიჰოუქსთან სტუმრად ჩაატარებს.