მამუკელაშვილის 6 ქულა და დასანანი მარცხი ოვერტაიმში “ვილანოვასთან”

მამუკელაშვილის 6 ქულა და დასანანი მარცხი ოვერტაიმში “ვილანოვასთან”

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” მიმდინარე სეზონის ყველაზე პრინციპულ მატჩს უმასპინძლა. “მეკობრეებმა” ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდ “ვილანოვას” უმასპინძლეს და დაუნდობელი ბრძოლა ოვერტაიმში – 68:69 დათმეს. 

გამარჯვება “სეტონ ჰოლს” “ბიგ ისთის” მძლავრ კონფერენციაში მესამე ადგილის დასაკავებლად ხელსაყრელ პოზიციაში აყენებდა, ხოლო “ვილანოვას” წაგება რეგულარული ჩემპიონატის მოგების შანსს უსპობდა. სეტონჰოლელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ორჯერ შემოატრიალეს მატჩი – ერთხელ ძირითადი დროის დასრულებამდე და ერთხელაც ოვერტაიმში, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვების მოსაპოვებლად მცირედი დააკლდათ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ უპრინციპულეს მატჩში სათამაშოდ 14 წუთი დაეთმო ქართველ ფორვარდს. მამუკელაშვილი მოედანზე პირველ და მეორე ნახევარში, დაახლოებით თანაბარი დროით გამოჩნდა და 6 ქულასთან ერთად 2 მოხსნა მიითვალა. სანდრომ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, თითო საჯარიმო და სამიანი კი ააცილა. საუკეთესო გახლდათ ხადინ კარინგტონი 23 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასით. “ვილანოვას” კი მაილს ბრიჯისმა 23 ქულით, 10 მოხსნითა და 4 პასით ულიდერა.

ამ წაგების შემდეგ “სეტონ ჰოლს” 9 მოგება და 8 მარცხი დაუგროვდა და “ბიგ ისთის” კონფერენციაში მე-4 ადგილზე რჩება, თუმცა ანალოგიური შედეგი აქვთ “ბატლერს” და “პროვიდენსს”. დარჩენილია 1 ტური და “მეკობრეები” სწორედ “ბატლერს” ხვდებიან. მოგების შემთხვევაში მამუკელაშვილის გუნდი მე-4 ადგილს შეინარჩუნებს და პლეი ოფის პირველ წრეში მეხუთეზე გასულ “პროვიდენსს” ან ისევ და ისევ “ბატლერს” შეხვდება. 

ბარემ აქვე ვთქვათ იმის შესახებ, თუ რა მოხდება კონფერენციაში რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. პირველ ადგილზე გასულს (ქსავიერს ან ვილანოვას) გადაეცემა ერთ-ერთი ტიტული, რომელიც უმდაბლესია სეზონის ტიტულებს შორის. ათივე გუნდი 7-10 მარტს შეიკრიბება ნიუ იორკის “მედისონ სკვერ გარდენში”  და გამოარკვევს “ბიგ ისთის” კონფერენციის ჩემპიონს. 

1-6 ადგილებზე გასული გუნდები მეოთხედფინალში პირდაპირ შევლენ, ხოლო  პლეი ოფში დარჩენილი 2 საგზურისთვის 7-10 ადგილებზე გასულები იბრძოლებენ. მე-7 შეხვდება მე-10-ეს, ხოლო მე-8 – მე-9-ეს. პირველი წყვილის გამარჯვებული მეოთხედფინალში რეგულარულში მე-2-ზე გასულ გუნდს შეუწყვილდება, ხოლო მეორე წყვილის მომგები – პირველადგილოსანს. 

პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე, ფინალის ჩათვლით, გამარჯვებული გამოვლინდება 1 მატჩით. 

“სეტონ ჰოლი” რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს 3 მარტს გამართავს და ეს იქნება ბოლო შეხვედრა ამ გუნდის უხუცესი მოთამაშეებისთვის (სენიორებისთვის) საკუთარი გულშემატკივრების წინაშე. ეს მომენტი ამერიკის სტუდენტურ კალათბურთში თავისებური რიტუალია, როცა უნივერსიტეტის გუნდის მოთამაშეები ერთგულ გულშემატივრებს ემშვიდობებიან. წელს “სეტონ ჰოლი” დაემშვიდობება თავის ლიდერ სენიორებს – ხადინ კარინგტონს, ისმაელ სანოგოს, დეიზი როდრიგესს და ეინჯელ დელგადოს – რის შემდეგაც მეტი ასპარეზი დაეთმობათ გუნდის მომდევნო თაობის წარმომადგენლებს – მათ შორის, სანდრო მამუკელაშვილსაც. ცნობისთვის, სტუდენტურ კალათბურთში არსებული ასაკობრივი დიფერენციის შკალაში (ფრეშმენი, სოფმორი, ჯუნიორი და სენიორი) სანდრო ყველაზე უმრწემეს კალათბურთელთა – ფრეშმენთა კოჰორტაშია. მომავალ სეზონში მამუკელაშვილი სოფმორებში გადაინაცვლებს, საიდანაც გუნდის ლიდერობა რთული, თუმცა ნიჭიერ კალათბურთელთათვის შესაძლებელია. “სეტონ ჰოლის” წლევანდელ ლიდერთაგან სოფმორი არცერთია – მხოლოდ მაილს პაუელია (15.8 ქ, მეორე შედეგი გუნდში) სენიორთა კოჰორტის ერთი საფეხურით დაბლა მდგომი ჯუნიორებიდან.