სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონიოში მორიგი მატჩი ჩაატარა. ტეხასელებმა ატლანტა ჰოუქსს უმასპინძლეს და მე-3 პერიოდში 24-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად გამარჯვება მოიპოვეს. სან ანტონიომ პირველ ნახევარში 83 ქულა მიიღო ატლანტასგან, სამაგიეროდ მეორე ტაიმში სუპერდაცვა ითამაშა, მხოლოდ 35 ქულა გაუშვა და ამის წყალობით შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა – 126:118.
მამუკელაშვილმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 7 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში), 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
სპურსის რიგებში საუკეთესონი დევინ ვასელი და კელდონ ჯონსონი იყვნენ 29-29 ქულით, ამ უკანასკნელმა კი 12 მოხსნაც მიითვალა.
სპურსმა 19 მოგება და 52 მარცხი მოაგროვა და დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა მე-14 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 22 მარტს ნიუ ორლეანს პელიკანსთან ჩაატარებს.
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ლეიკერსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 105:111 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა 15 წუთი ითამაშა, 3 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა.
„ორლანდოს“ 29 მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.