მამუკელაშვილის 7 ქულა და “სეტონ ჰოლის” იოლი გამარჯვება

მამუკელაშვილის 7 ქულა და “სეტონ ჰოლის” იოლი გამარჯვება

ნიუ ორანჟის “სეტონ ჰოლმა”, რომელშიც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს, ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მე-9 გამარჯვება მოიპოვა და “ბიგ ისთის” 10-გუნდიან კონფერენციაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ამ პოზიციას სეტონჰოლელები “ქსავიერის” უნივერსიტეტთან იყოფენ, ხოლო პირველზე “ვილანოვა” (10-0), მეორეზე კი “ჯორჯთაუნი” (8-0) არიან. 

მამუკელაშვილის გუნდმა მიმდინარე სეზონში ერთი მატჩი, ისიც ბოლო წამზე მიღებული ბურთით, “როდ აილენდთან” წააგო და სადღეისოდ 9 მოგება აქვს. ბოლო გამარჯვება სეტონჰოლელებმა დღეს, გამთენიისას, “სეინთ პიტერის” უნივერსიტეტთან” მოიპოვეს. “პირატებმა” (სეტონ ჰოლის სახელია) მეტოქეს საკმაოდ იოლად – 84:61 სძლიეს.

ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 17 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 7 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საუკეთესო გახდა ეინჯელ დელგადო, რომელმაც 18 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. 

“სეტონ ჰოლ პირატსი” მომდევნო მატჩს 16 დეკემბერს, “სკარლეტ ნაითს რატჯერსთან” გამართავს.