მამუკელაშვილის 9 ქულა და 7 მოხსნა ნბა-ს საგამოფენო მატჩში. ბითაძემ 11 წუთი ითამაშა

მამუკელაშვილის 9 ქულა და 7 მოხსნა ნბა-ს საგამოფენო მატჩში. ბითაძემ 11 წუთი ითამაშა

სანდრო მამუკელაშვილის ბრწყინვალე დებიუტი “მილუოკი ბაქსში”. მართალია, სანდრომ ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზე უკვე ითამაშა მილუოკელთა გუნდში, თუმცა ის ახალბედებისა და გუნდში მოხვედრის უკონტრაქტო კალათბურთელებისგან დაკომპლექტებული დროებითი შემადგენლობა იყო. დღეს კი მამუკელაშვილმა საგამოფენო მატჩში “მემფისის” წინააღმდეგ ითამაშა “ბაქსის” ძირითად შემადგენლობასთან ერთად და თავისიანთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

გამოსარჩევი ამბავია, რომ მამუკელაშვილმა მილუოკელთაგან ყველაზე მეტი – 29 წუთი ითამაშა. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და “ბაქსის” ძირითადი ცენტრი, ბრუკ ლოპესი შეცვალა. ამ უკანასკნელმა მოედანზე გატარებულ 20 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილის ანგარიშზეც 9 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა, რასაც 3 პასი მოაყოლა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 

მილუოკელთა შემადგენლობაში ტრავმის გამო არ უთამაშია იანის ადეტოკუმბოს, საუკეთესო შედეგი კი გუნდის მეორეწლიანმა ახალგაზრდამ, ჯორდან ნვორამ დააფიქსირა – 16 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა. მატჩი მემფისის გამარჯვებით – 87:77 დასრულდა. გამარჯვებულებს 27 ქულით, 6 მოხსნით და 4 პასით ახალგაზრდა ვარსკვლავმა ჯა მორანტმა ულიდერა. 

წააგო “ინდიანამაც”, რომლის შემადგენლობაშიც ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ 11:44 წუთი ითამაშა. ინდიანელები “ნიუ იორკს” შეხვდნენ და 104:125 წააგეს. ქართველმა ცენტრმა 1 ორქულიანი ააცილა, 3 სამიანიდან კი 1 ჩააგდო. 2 ქულასთან ერთად ბითაძემ 2 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა 17:48 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 

მომდევნო მატჩებს ბითაძისა და მამუკელაშვილის გუნდები 8 ოქტომბერს გამართავენ. “ინდიანა” კლივლენდში “კავალერსს” შეხვდება, “მილუოკი” კი ბრუკლინში – “ნეტსს”.