დღეს ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი, 75-ე სეზონი დაიწყო და პლანეტის ამ უმძლავრეს ლიგაში მე-6 ქართველის დებიუტი შედგა. 22 წლის სანდრო მამუკელაშვილმა მოქმედი ჩემპიონის – “მილუოკი ბაქსის” შემადგენლობაში პირველ ოფიციალური შეხვედრა ითამაშა. დასაწყისი შედეგიანი ვერ გამოდგა, რადგან ახალბედა ქართველს მხოლოდ 7 წუთი დაუთმეს, თუმცა თავად ფაქტი ქართული კალათბურთისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა.
სანამ აღნიშნულ შეხვედრის შესახებ გამცნობთ, აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში აქამდე ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ცქიტიშვილს, ზაზა ფაჩულიას, თორნიკე შენგელიას და გოგა ბითაძეს უთამაშია. ამ რიცხვს სანდრო მამუკელაშვილიც შეუერთდა, რომელსაც იმედს ვიტოვებთ, ნბა-ში დიდი კარიერა ექნება და ჩვენი ქვეყნის ნაკრებს დიდ დახმარებას გაუწევს.
“მილუოკის” მეტოქე ვარსკვლავებით სავსე “ბრუკლინ ნეთსი” იყო, რომელსაც მამუკელაშილის გუნდმა საკმაოდ იოლად – 127:104 (სტატისტიკა) მოუგო. მამუკელაშვილი თამაშში პირველად მეორე მეოთხედის დასაწყისში ჩაერთო, შემდეგ კი მაიკ ბუდენჰოლცერმა ის მატჩის მიწურულს შეიყვანა. სანდრომ ჯამში 7:02 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 მოხსნისა (დაცვაში) და 1 პასის დაგროვება მოასწრო. აღსანიშნავია ისიც, რომ +/- მაჩვენებელი მას +9 ჰქონდა.
„მილუოკიმ“ პირველივე მეოთხედი კარგად დაიწყო და 12 ქულით წინ გავიდა. „ნეტსმა“ დიდ შესვენებამდე სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერი მოახერხა და სეზონის პირველ მატჩში დამარცხდა.
საუკეთესო იანის ადეტოკუმბო იყო, რომელმაც 32 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, სამმაგ დუბლამდე კი 3 პასი დააკლდა. „ბაქსის“ მხრიდან გამორჩეულები იყვნენ ასევე პეტ კონაუტონი და კრის მიდლტონი, რომლებსაც 20-20 ქულა ჰქონდათ. „ნეტსის“ მხრიდან ორმაგი დუბლი შეასრულა კევინ დურანტმა, რომლის ანგარიშზეც 32 ქულა და 11 მოხსნაა. შესანიშნავი შედეგი ჰქონდა პატი მილსს, რომელმაც 7-დან შვიდივე სამქულიანი გამოიყენა და 21 ქულა მიითვალა.
შემდეგ მატჩს სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ 22 ოქტომბერს „მაიამი ჰიტთან“ გამართავს. ხვალ, 21 სექტემბერს კი რეგულარულ სეზონში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ ჩაერთვება, რომელიც „შარლოტ ჰორნეტსს“ შეხვდება.