მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და გამარჯვება მეოთხედფინალის ოვერტაიმში

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და გამარჯვება მეოთხედფინალის ოვერტაიმში

სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც 2 დღის წინ ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის კონფერენციის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, აღნიშნული კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა. რეგულარული ჩემპიონატის მე-5 ადგილზე დასრულების შემდეგ დაიწყო Big East-ის კონფერენციის პლეი ოფი, სადაც, 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა. პირველ წრეში მამუკელაშვილის სეტონ ჰოლის მეტოქე მეოთხეადგილოსანი “სენტ ჯონსი” იყო, რომელსაც “მეკობრეებმა” დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 77:69 დაამარცხეს.

შეხვედრა ნიუ იორკის ცნობილ არენა “მედისონ სკვერ გარდენში” გაიმართა, რაც დამკვიდრებული ტრადიციაა და Big East-ის პლეი ოფის თამაშები ყოველწლიურად იქ იმართება. მამუკელაშვილმა თამაშისთვის განკუთვნილი 45 წუთიდან მხოლოდ 1 წუთი დაისვენა. ის სეტონჰოლელთათვის შეუცვლელი ლიდერია და ამ მატჩშიც თქვა საკუთარი სიტყვა. ქართველმა ფორვარდმა 16-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებულ 20 ქულას სანდრომ 11 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ეს სანდროს მე-6 ორმაგი დუბლი იყო სეზონში და მე-13 სეტონ ჰოლის კარიერაში. სანდრომ 10 და მეტი ქულა ზედიზედ 14 მატჩში ჩააგდო. სეტონ ჰოლი კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჯორჯთაუნს დაუპირისპირდება, რომელმაც მოულოდნელად ვილანოვას 72:71 სძლია – გუნდს, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი. სეტონ ჰოლისა და ჯორჯთაუნის ნახევარფინალური მატჩი მედისონ სკვერ გარდენში 13 მარტს გაიმართება