სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ში პირადი რეკორდი დაამყარა. მემფის გრიზლისთან სტუმრად მოგებულ მატჩში ქართველმა ფორვარდმა 16 მოხსნა მოაგროვა, რაც მისთვის ნბა-ს კარიერაში რეკორდული მაჩვენებელია. აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ მამუკელაშვილს ეკუთვნის ნბა-ში ქართველი კალათბურთელების რეკორდი ქულებში – მილუოკი ბაქსში ყოფნის დროს მან რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში 28 ქულა მიითვალა.
ქართველი კალათბურთელი კი გუნდის სასტარტო ხუთეულში სეზონში მეორედ გამოჩნდა და 26 წუთში 11 ქულა, 16 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 3-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. დროის იმ მონაკვეთში, როდესაც მამუ მოედანზე იყო, სპურსმა მეტოქეზე 11 ქულით მეტი ჩააგდო.
საინტერესოა, რომ დიდი შესვენებისთვის სან ანტონიო მხოლოდ ერთ ქულას იგებდა (49:48), თუმცა, მესამე მეოთხედის სტარტზე 25:9 გაქცევა მოაწყო, მოგვიანებით უპირატესობამ 20 ქულას უწია და ყველაფერი ნათელი გახდა. მე-3 მეოთხედში გრიზლისმა თამაშიდან მხოლოდ 4 ტყორცნა გამოიყენა, ამასთან 8-დან 7 სამქულიანი მიზანს მიღმა გაუშვა.
“ყველას ძალიან გვინდოდა, რომ ეს მატჩი მოგვეგო. სწორედ ამიტომ დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე განსაკუთრებული მოტივაციით გამოვედით და დაცვაში თითქმის იდეალურად ვითამაშეთ. მწვრთნელმა გვითხრა, რომ მემფისის წინააღმდეგ ფიზიკურად უფრო აგრესიულად თამაში იყო საჭირო და ეს შენიშვნაც გავითვალისწინეთ. მიხარია, რომ 16 მოხსნით კარიერის ახალი რეკორდი დავაფიქსირე. ფარზე ყოველთვის მონდომებით ვიბრძვი და ახლა, ეს სტატისტიკაშიც აისახა. კარგია, რომ ამდენ მოხსნასთან ერთად 11 ქულა მქონდა და არა – 9 (იცინის). ასეთი რამ ყოველთვის სასიამოვნოა. მესმის, რომ ლიგაში თავის გამოჩენის შანსი არცთუ ხშირად მეძლევა და ამიტომ ვცდილობ, ყველა ასეთი მატჩი გამოვიყენო, რაც NBA-ში ჩემი სამომავლო კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება” – განაცხადა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მამუკელაშვილმა.
სანდროს მიმდინარე სეზონში 43 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამიყურება: 8.6 წუთი, 3.5 ქულა, 2.7 მოხსნა, 1.0 პასი. აი, ბოლო 5 მატჩში კი, როდესაც სანდროს სათამაშო დრო მკვეთრად გაიზარდა, მისმა სარგებლიანობამაც საგრძნობლად იმატა: 25.2 წუთი, 10.4 ქულა, 9.6 მოხსნა, 2.4 პასი.