მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” პლეი ოფს “ბატლერთან” 74:75 მარცხით გამოეთიშა

მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” პლეი ოფს “ბატლერთან” 74:75 მარცხით გამოეთიშა

დრამატულ და ფიცხელ ბრძოლაში “სეტონ ჰოლი” “ბატლერთან” დამარცხდა და “ბიგ ისთის” კონფერენციის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. აღნიშნული კონფერენციის პლეი ოფს ნიუ იორკის ცნობილი “მედისონ სკვერ გარდენი” მასპინძლობს და მეოთხედფინალში ერთმანეთს ზემოთხსენებული გუნდები შეხვდნენ.

რეგულარულ ჩემპიონატში “სეტონ ჰოლმა” “ბატლერზე” 1 გამარჯვებით მეტი მოიპოვა, თუმცა ეს სხვაობა პლეი ოფში არაფერს ნიშნავდა. ერთმატჩიანი ბრძოლა “ბატლერმა” ბოლო წამებზე 75:74 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასევე მოიპოვეს ადგილი “ვილანოვამ”, “ქსავიერმა” და “პროვიდენსმა”.

მატჩის პირველი ნახევარი “სეტონ ჰოლმა” 43:35 მოიგო, ხოლო საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე 7 ქულით – 64:57 ლიდერობდა. დარჩენილ დროში “ბატლერს” უშველა კამარ ბალდვინმა, რომელმაც მისი გუნდის ბოლო 18 ქულიდან 14 პირად ანგარიშზე ჩაიწერა, ხოლო გამარჯვების ბურთი ბალდვინმა საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე ააცილა, თუმცა მხსნელად თანაგუნდელი ტაილერ ვაიდმანი მოევლინა, რომელმაც ბურთი მოხსნა და დასრულებამდე 4 წამით ადრე ჩააგდო. “სეტონ ჰოლმა” მოასწრო ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა, თუმცა მაილს პოუელის განწირული სამქულიანი “ბატლერის” კალათს ასცდა. 

ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 13 წუთით გამოჩნდა. მამუკელაშვილმა თამაშიდან განხორციელებული ერთადერთი სროლა – სამქულიანი ჩააგდო, რასაც 2-დან 1 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 4 ქულითა და 1 მოხსნით დაასრულა. 17 ქულითა და 7 პასით სეტონჰოლელთაგან საუკეთესო იყო ხადინ კარინგტონი. ეინჯელ დელგადომ შეხვედრა 13 ქულით და 9 მოხსნით დაასრულა.

“სეტონ ჰოლისთვის” კონფერენცის თამაშები დასრულდა. რამდენიმე დღეც და გაირკვევა იმ 64 გუნდის ვინაობა, რომლებიც სტუდენტური ლიგის ჩემპიონატში – ეგრედ წოდებულ “მარტის სიგიჟეში” მიიღებენ მონაწილეობას და დიდი შანსია, მათ შორის იყოს მამუკელაშვილის გუნდი. NCAA-ის ფინალური ტურნირისთვის ლიგის საუკეთესო გუნდები ირჩევიან. ტურნირში ადგილი გარანტირებული აქვს თითოეული კონფერენციის გამარჯვებულს (ანუ 32 გუნდს), ხოლო დანარჩენები რეიტინგის მიხედვით დაემატებიან.

“მარტის სიგიჟე” 15 მარტს დაიწყება და ჩემპიონი 2 აპრილს გამოვლინდება. ჩემპიონატი 1/32 ფინალიდან დაიწყება და პლეი ოფის ყოველ სტადიაზე გამარჯვებული 1 მატჩის შედეგად გამოვლინდება. 

 

სანდრო მამუკელაშვილი