მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” NCAA-ის ფინალური ტურნირის პირველი რაუნდი დაძლია

მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” NCAA-ის ფინალური ტურნირის პირველი რაუნდი დაძლია

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა”ამერიკის სტუდენტური ლიგის “მარტის სიგიჟედ” წოდებულ ფინალურ ტურნირში პირველი რაუნდი დაძლია. “მეკობრეები” კანზასის შტატის ქალაქ ვიჩიტაში გამართულ 1/64 ფინალურ მატჩი “ჩრდილო კაროლაინა სტეიტს” შეხვდნენ და 94:83 დაამარცხეს.

ქართველი კალათბურთელი, რომელიც გუნდში ყველაზე ახალგაზრდათა კატეგორიას – “ფრეშმენს” განეკუთვნება, სათადარიგო იყო და მოედანზე 12 წუთი გამოჩნდა. მამუკელაშვილს მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია და შეხვედრა 2 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. სანდრო მოედანზე მეორე ნახევარში გამოჩნდა და ფიცარნაგზე იმ მომენტში იმყოფებოდა, როცა “მეკობრეთა” გამარჯვების საკითხი წყდებოდა.

გამარჯვებულებს 26 ქულით ხადინ კარინგტონმა ულიდერა. 20 ქულა ჰქონდა ეინჯელ დელგადოს, ხოლო 19 – მაილს პოუელს. მეორე წრეში, ანუ 1/32 ფინალში “სეტონ ჰოლი” შუადასავლეთის რეგიონის პირველ ნომრად განთესილ “კანზასს” შეხვდება, რომელმაც 1/64 ფინალში “პენსილვანიას” 76:60 მოუგო. შეგახსენებთ, რომ “მარტის სიგიჟის” მონაწილე 64 გუნდი 4 რეგიონში – აღმოსავლეთში, დასავლეთში, სამხრეთში და შუადასავლეთშია განაწილებული. ანუ თითოეულში არის 16 უნივერსიტეტი. “სეტონ ჰოლი” შუადასავლეთში მე-8 ნომრად არის განთესილი, ხოლო მისი პირველი მეტოქე “ჩრდილო კაროლაინა” მე-9 გახლდათ. “მარტის სიგიჟის” ოთხთა ფინალში თითო რეგიონის თითო გამარჯვებული გავა. ანუ გუნდმა 4 მატჩი უნდა მოიგოს, რეგიონში რომ იპირველოს და ოთხთა ფინალში გავიდეს.

“კანზასისა” და “სეტონ ჰოლის” 1/32 ფინალური მატჩი ქალაქ ვიჩიტას “ინთრასთ ბანკ არენაში” 17 მარტს გაიმართება.