მამუკელაშვილმა ნბა-ში ფაჩულიას რეკორდი გააუმჯობესა: 28 ქულა და 13 მოხსნა “კლივლენდთან”

მამუკელაშვილმა ნბა-ში ფაჩულიას რეკორდი გააუმჯობესა: 28 ქულა და 13 მოხსნა “კლივლენდთან”

სანდრო მამუკელაშვილმა ისტორია დაწერა. 22 წლის ფორვარდმა პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში ისე შედეგიანად ითამაშა, რომ ყველა დროის ქართული რეკორდი დაამყარა. აქამდე ამერიკის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ჩვენს თანამემამულეთაგან მაქსიმალური შედეგი ზაზა ფაჩულიას ჰქონდა, რომელიც მან 2007 წლის 7 მარტს “ვაშინგტონთან” მოაგროვა და რომელიც 27 ქულას შეადგენდა. ამ შედეგს ინდიანა პეისერსის ცენტრი, გოგა ბითაძე უტევდა, რომელმაც ბოლო პერიოდში ერთხელ 20, ერთხელაც 23 ქულა მოინაგრა, თუმცა ნბა-ს ქართული რეკორდი “მილუოკი ბაქსის” ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა დაამხო, რომელმაც მიმდინარე სეზონის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩი 28 ქულა მოინაგრა.

მოქმედმა ჩემპიონმა “მილუოკიმ”, რომელსაც რეგულარული ჩემპიონატის ბოლო, 82-ე მატჩი ცხრილში არაფერს უწყვიტავდა, იანის ადეტოკუმბო და სხვა წამყვანი მოთამაშეები დაასვენა. “ფურირმები” “კლივლენდ კავალერსთან” სათამაშოდ 7 კალათბურთელით წარსდგნენ, რომელთაგან საუკეთესო შედეგი მამუკელაშვილმა დააფიქსირა. შეხვედრა კლივლენდელთა გამარჯვებით, 133:115 (სტატისტიკა)  დასრულდა, რომლებსაც პლეი ინში შესასვლელად მოგება ჰაერივით სჭირდებოდათ.

სარეკორდო 28 ქულასთან ერთად სანდროს 13 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. მამუკელაშვილმა ბურთი ორჯერ დაკარგა და ამდენჯერვე დაჯარიმდა. მან 13-დან 8 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ფორვარდი მილუოკელთაგან საუკეთესო იყო, კლივლენდში კი მასზე მაღალი შედეგი გამოცდილმა ვარსკვლავმა კევინ ლავმა დააგროვა – 32 ქულა, 15 მოხსნა. ამ შედეგის დასაფიქსირებლად ლავს მხოლოდ 15 წუთი დასჭირდა, რაც ნბა-ში 1954 წლის შემდეგ, ანუ რაც შესატევად დროის ნიშნული დაწესდა,  არავის გაუკეთებია. 

აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილს აქამდელი საუკეთესო შედეგი, 17 ქულა, სწორედ “კლივლენდთან” ჰქონდა მოგროვებული გასული წლის 19 დეკემბერს 90:119 წაგებულ შეხვედრაში. 

“მილუოკი” პლეი ოფის პირველ წრეში “ჩიკაგოს” ხვდება, რომელსაც მიმდინარე სეზონში 4-ივე შეხვედრა მოუგო.