მამუკელაშვილმა სასტარტოში 25 წუთი ითამაშა და სან ანტონიოს გამარჯვებაში დაეხმარა

მამუკელაშვილმა სასტარტოში 25 წუთი ითამაშა და სან ანტონიოს გამარჯვებაში დაეხმარა

სანდრო მამუკელაშვილმა ბოძებული შანსი გამოიყენა და სასტარტო ხუთეულში დაყენება გრეგ პოპოვიჩს კარგი თამაშით დაუფასა. ყველაზე მთავარი კი ლეგენდარული მწვრთნელისთვის ის გახლავთ, რომ ამ ყველაფერთან ერთად სან ანტონიომ გასვლითი გამარჯვება მოიპოვა, თანაც ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი ცენტრის – იონას ვალანჩუნასის ნიუ ორლეანთან. 

ეს ყველაფერი კი 3 მატჩის წინ დაიწყო, როცა პოპოვიჩმა მამუკელაშვილი 20+ წუთით ათამაშა და ქართველმა ფორვარდმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. მანამდე ქართველ ცენტრს მოედანზე ყოფნა რამდენიმე წუთით, ხშირ შემთხვევაში, უიმედო მატჩის ბოლო წუთებზე უწევდა – როგორც ეს რიგითი სათადარიგოების ბედია. გარდატეხა 1 აპრილს მოხდა, როცა წინა მატჩში უთამაშებელი მამუკელაშვილი მწვრთნელმა გოლდენ სტეიტთან ადრიანად ჩართო თამაშში და მოედანზე მთლიანობაში 25 წუთი გაატარებინა. მამუმაც 10 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, ხოლო მომდევნო მატჩში, დენვერ ნაგეტსთან იგივე დროში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

ამ ყველაფრის შემდეგ სანდროს შესაძლებლობებზე ამერიკული მედია ალაპარაკდა და ცხადია, სან ანტონიოს სამწვრთნელო შტაბმაც ლოგიკური დასკვნები გააკეთა. მორიგ მატჩში, რომელიც ჩვენი დროით, დღეს, გამთენიისას ნიუ ორლეანში გაიმართა, ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო. მამუმ მოედანზე მთლიანობაში 27 წუთი გაატარა, რა დროშიც ბურთი არ დაუკარგავს, მონაგარი კი საკმაოდ ბარაქიანი ჰქონდა – 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. სანდრომ 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა.

სან ანტონიომ გუნდურად, საკმაოდ აწყობილად ითამაშა – ხუთივე სასტარტომ მონაგარი ორციფრიანი რიცხვით გამოხატა, რომელთაგან ყველაზე მეტი – 17 ქულა ფრანგმა ვუნდერკინდმა, მომავალმა სუპერვარსკვლავმა, ვიქტორ ვემბანიამამ მიითვალა. ვემბას სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 12 მოხსნა და 9 პასიც მიითვალა. სხვათა შორის, ვემბანიამასა და მამუკელაშვილის მოედანზე ერთად ყოფნამ კარგი შედეგი გამოიღო. ქართველი ფორვარდი ვემბას ხშირ შემთხვევაში აზღვევდა და თავადაც, დამცველთა ფრანგზე გადატანილი ყურადღებით სარგებლობდა. 

დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე მყოფ სან ანტონიოს რეგულარულ ჩემპიონატში 4 მატჩის ჩატარება დარჩა, რის შემდეგაც სეზონს დაასრულებს. სფურსი სტუმრად მემფისს და ოკლაჰომას შეხვდება, ხოლო ბოლო ორ მატჩში ჯერ დენვერს, შემდეგ კი დეტროიტს უმასპინძლებს.