მანუჩარ მარკოიშვილი: ეს ჩემი კარიერის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია

მანუჩარ მარკოიშვილი: ეს ჩემი კარიერის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია

„ძალიან გამეხარდა, ეს ჩემი კარიერის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი ტიტულია“ – განუცხადა მანუჩარ მარკოიშვილმა ჩვენს ვებ–გვერდს, როცა კანტუში შევეხმიანეთ და იტალიის სუპერთასის MVP-ს ტიტულის მოგება მივულოცეთ. მართლაც, მარკოიშვილისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან ერთ საღამოს 2 ძვირფასი ტიტული მოიგო. მისმა გუნდმა რამდენიმე წაგებული ფინალის შემდეგ როგორც იქნა დაამარცხა იტალიური გრანდი „სიენა“ და სუპერთასს დაეუფლა. გადამწყვეტი მატჩის გმირი კი მანუჩარ მარკოიშვილი გახდა, რომელიც ჟიურიმ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
 

 
– სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ საუკეთესოდ დამასახელებდნენ და მატჩის შემდეგ ინფორმატორმა ჩემი გვარი რომ გამოაცხადა, ძალიან გამეხარდა. რაც არ უნდა მოხდეს, ეს ტიტული ერთ–ერთი მნიშვნელოვანი იქნება ჩემს კარიერაში.  მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მთავარი გუნდის გამარჯვება იყო. MVP-ს ტიტულმა ძალიან გამახარა, რომელმაც ის წარმატება გამილამაზა, რომელსაც მთლიან გუნდთან ერთად მივაღწიე.
 
– თანაც ტიტული იტალიის ბოლო წლების საუკეთსო გუნდ „სიენას“ დამარცხებით მოიპოვეთ…
 
– „სიენა“ აქამდე სადაც შეგვხვდა, ყველა ფინალი მოგვიგო. ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ გუნდს სხვადასხვა ფინალში ოთხჯერ შევხვდით და ვერც ერთხელ ვერ დავამარცხეთ.  ამის გათვალისწინებით, ეს გამარჯვება ძალიან სასიხარულო იყო. მატჩი ძალიან დაძაბული და ნერვიული გამოვიდა, ყველა კალათბურთელმა მაქსიმუმი გაიღო და საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწიეთ.
 
– როგორ ფიქრობ, სეზონთშორის განხორციელებული ტრანსფერების შემდეგ „სიენა“ ხომ არ დასუსტდა?
 
– არანაირად. სიენელებმა ისეთი კალათბურთელები დაიმატეს, რომლებიც იტალიურ კალათბურთში აღიარებულები არიან. ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და ეს გუნდი ამას მომავალ სეზონშიც დაამტკიცებს. ამიტომაც ორმაგად სასიხარულოა ეს გამარჯვება. არ ვიცი, მაგრამ არის აზრი, რომ „სიენა“ ზედმეტი თავდაჯერების გამო დამარცხდა. როგორც უკვე ვთქვი, მათ მწვრთნელ სიმონე პიანიჯანის „კანტუ“ აქამდელ ფინალებში დამარცხებული ჰყავდა და ალბათ ეხლაც გამარჯვებას ელოდა.
 
– მიუხედავად იმისა, რომ კანტუელთაგან საერთო სარგებლიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი არ გქონია, საუკეთესოდ დაგასახელეს…
 
– არ ვიცი, არც მე ველოდი აღიარებას, თუმცა ალბათ იყო მომენტები, რის გამოც MVP-ს ტიტული გადმომცეს. ალბათ უნდა უყურო გარედან ამ თამაშს და მიხვდები. მხოლოდ ციფრები ნამდვილად არაფერს წყვეტს. თუნდაც ვიქტორ სანიკიძე ავიღოთ, რომელსაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.
 
– „სიენას“ რომ მოეგო, შენს ტიტულს სანიკიძეს მისცემდნენ. რას იტყვი ვიქტორის თამაშზე?
 
– ყველამ დაინახა, თუ რა დონის მოთამაშეა სანიკიძე. მან ძალიან კარგად ითამაშა და ბევრი პრობლემები შეგვიქმნა. ჩვენ გუნდური თამაშისა ხარჯზე მოვახერხეთ და გამარჯვებას მივაღწიეთ.   
 
– სეზონი ტიტულის მოგებით დაიწყეთ. რა გეგმები გექნებათ მომავალ სეზონში?
 
– ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვთამაშობთ, სადაც 8 გუნდი 1 საგზურისთვის იბრძვის. ჩვენი უახლოესი მიზანი ევროლიგაში მოხვედრაა.
 
– იმ ტრანსფერებიდან გამომდინარე, რაც გუნდში განხორციელდა, როგორ ფიქრობ, „კანტუ“ გაძლიერდა?
 
– ვიტყოდი, რომ გაახალგაზრდავდა. ეს არ ნიშნავს, რომ დასუსტდა. რამდენიმე ახალი კალათბურთელი გვყავს, რომლებიც ერთმანეთს უფრო შეეწყობიან და იმედი მაქვს, საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი გვეყოლება. იმედი მაქვს, სუპერთასის მოგებას არ დავჯერდებით და ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს კიდევ გავახარებთ.
 
 
– სუპერთასის მოგება „კანტუს“ გულშემატკივრებმა როგორ აღნიშნეს ?
 
– ძნელია სიტყვებით გადმოვცე ის სიხარული, რომელიც გულშემატკივრებმა განიცადეს. მარტო კალათბურთის ფანები კი არა, მთელი ქალაქი ზეიმობდა. მატჩის საღამოს, კანტუში რომ დავბრუნდით, ღამის 3 საათი იყო. ქალაქში ათულობით ქომაგი დაგვხვდა. მეორე დღს კი ნამდვილი სახალხო ზეიმი გაიმართა. საღამოს ვარჯიშის შემდეგ ქალაქის მთავარ მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. მგონი სახლში არავინ დარჩნილა, ყველა ჩვენს შესახვედრად მოვიდა. ტელევიზიებიც იქ იყვნენ და პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ზეიმის კადრებს. ძალიან ბედნიერი წუთები იყო და ვეცდებით, ახალი წარმატებებით კიდევ გავახატოთ „კანტუს“ ქომაგები.
 
კალათბურთის ფედერაციის პრეს–სამსახური