მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის გუნდ “მონაკოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის გუნდ “მონაკოს” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი საკალათბურთო კლუბ “მონაკო ბასკეტის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა ქართულ საკალათბურთო ისტორიაში, როცა ქართველი მწვრთნელი ევროპის წამყვანი საკალათბურთო ლიგის გუნდში მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, შემდეგ კი ეროვნულ გუნდში ილიას ზუროსის და ალეკსანდარ ჯიკიჩის ასისტენტი, ევროლიგის ერთ-ერთი წარმატებული გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. ეს გადაწყვეტილება მონაკოს ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მთავარი მწვრთნელი, საშა ობრადოვიჩი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდიდან წავიდა.

”საშა ობრადოვიჩთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მან ჩვენი გუნდისთვის დიდი სამუშოა გასწია. მასთან ერთად კლუბმა საფრანგეთის ჩემპიონატის ორი ტიტული და საფრანგეთის თასი მოიგო. გუნდი ევროლიგის ოთხთა ფინალშიც გავიდა. საშა ობრადოვიჩი სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენი კლუბის ისტორიაში. მადლობას ვუხდით გაწეული სამსახურისთვის. დროებით მთავარ მწვრთნელად მანუჩარ მარკოიშვილი დაინიშნება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, საშა!” – დაიწერა მონაკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მონაკო საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობს, სადაც ბოლო 3 წელია, ჩემპიონია და ორჯერ ამ  კლუბთან ერთად ჩემპიონი მარკოიშვილიც გახდა. მონაკო წინა სეზონში ევროლიგის პლეი ოფში გავიდა და ოთხთა ფინალამდე მცირედი დააკლდა. მონაკომ მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა ფენერბაჰჩესთან შინ, ბოლო წამებზე დათმო. წლევანდელ გათამაშებაში კი მონაკო ევროლიგის ცხრილის ზედა ნახევარშია.

მანუჩარის სამწვრთნელო კარიერა საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბ “ტიტებში” დაიწყო, რის შემდეგაც ის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა და ნაკრებში დღემდე ამ პოზიციაზეა. მარკოიშვილის გუნდს 21 ნოემბერს ევროლიგაში თამაში ელის და ამის გამო ის საქართველოს ნაკრებს ფინეთში ვერ შეუერთდება. 

საქართველოს კალათბურთს ფედერაცია ულოცავს მანუჩარ მარკოიშვილს ამ პრესტიჟულ და მეტად საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნას და წარმატებულ სამწვრთნელო კარიერას უსურვებს მას როგორც მონაკოში, ისე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.