მანუჩარ მარკოიშვილი: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი შევძინოთ

მანუჩარ მარკოიშვილი: მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი შევძინოთ

ეროვნული ნაკრების დღევანდელი ვარჯიში 11 საათზე დაიწყო, მანუჩარ მარკოიშვილი კი აკადემიის დარბაზში 40 წუთით ადრე მოვიდა და მტკივან მხარს სპეციალური მოწყობილობით ივარჯიშებდა. საშიში არაფერია, მანუჩარს მხრი ოდნავ აწუხებს, უბრალოდ, ამით მისი პროფესიონალიზმისთვის გვინდოდა ხაზის გასმა. მარკოიშვილი ყოველმხრივად მოწესრიგებული სპორტსმენია და სწორედ მისი თავდაუზოგავი შრომისა და დისციპლინის შედეგია ის, რასაც იგი დღეს წარმოადგენს. მარკოიშვილი იტალიის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდ „კანტუს“ ლიდერია და საქართველოს ნაკრებსაც მისი დიდად ეიმედება. მანუჩართან საუბარი საკლუბო თემით დავიწყეთ

– „კანტუსთან“ კონტრაქტი ისევ გაკავშირებს?
 
– კონტრაქტის ძირითადი ნაწილი გასული სეზონის ბოლოს ამოიწურა, თუმც პლუს 1 წელი კიდევ იყო დარჩენილი და როგორც ვიცი, კვლავ „კანტუში“ ვრჩები. გუნდის ხელმძღვანელობას ჩემთან განშორების სურვილი არ გამოუთქვამს. 
– თავად შენ თუ გსურდა „კანტუში“ დარჩენა, სხვა გუნდის ვარიანტი ხომ არ გქონია?
 
– არ მქონია და სიმართლე ვთქვა, არც მაქვს სურვილი. „კანტუ“ შესანიშნავი გუნდია, ევროლიგაში თამაშის შანსი მომავალ სეზონშიც გვაქვს, თუკი საკვალიფიკაციო ტურნირს წარმატებით გავივლით.
 
– გასული სეზონი წინამორბედისგან განსხვავებით წარუმატებელი იყო…
 
– რა თქმა უნდა. შარშან ფინალში გავედით, ახლა კი პლეი იფის პირველსავე რაუნდში გამოვარდით. „სკავოლინისგან“ ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. გიორგი შერმადინთან ერთად ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, მაგრამ მაინც არ გვეპატიება, რადგან სერიას 2:0 ვიგებდით.
 
– შერმადინი ახსენე, რომელიც შენი თანაგუნდელი აღარ არის. „კანტუს“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყო მისი „მაკაბიში“ გადასვლის ფორმით…
 
– კლუბის ხელმძღვანელობას არ ესიამოვნა, შერმადინმა „მაკაბისთან“ სეზონის დასრულებამდე რომ დაიჭირა საქმე, მაგრამ ეს საკითხი არ გამძაფრებულა. გიორგისთვის ასე ჯობდა. მეც ამის გამო წინააღმდეგი არ ვარ მისი „მაკაბიში“ გადასვლით.
 
– სანამ კლუბებს დაუბრუნდებით, შერმადინთან და ნაკრების დანარჩნ წევრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის მოგიწევს ბრძოლა. რას იტყვი ჩვენს შანსებზე?
 
– ბოსნიას ყველაზე კარგი გუნდი ჰყავს. ლატვია ახალგაზრდული, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდია. ჰოლანდიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ თამაში ყველამ ისწავლა. თუნდაც ჯგუფში ჩვენმა მეოთხე მეტოქე რუმინეთმა. სხვათა შორის, რუმინეთის ნაკრებთან 2 წლის წინ თბილისის საერთაშორისო ტურნირზე გაგვიჭირდა. ასე რომ, ყველა გუნდთან მთელი მობილიზებით მოგვიწევს ბრძოლა. ჩვენი მეტოქეების არაერთ კალათბურთელს ვიცნობ, რომელთა წინააღმდეგაც საკლუბო დონეზე არაერთხელ მითამაშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინი ნაკრებში უფრო სხვა განწყობით, მეტი შემართებითა და ჟინით ითამაშებენ. ასე რომ, ჩვენც მაქსიმუმის გაკეთება მოგვიწევს წარმატების მისაღწევად.
 
– ნაკრებს რამდენიმე გამოცდილი კალათბურთელი გამოაკლდა, სამაგიეროდ ახალგაზრდებს მიეცათ შანსი. როგორ ფიქრობ, ამით საქართველოს ნაკრების თამაშის სტილი ხომ არ შეიცვლება?
 
– არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც რომ შეიცვლება, ეს ნაღდია. არაერთი ახალგაზრდა შეგვემატა, რომელთაგან ძირითადშიც მოხვდება რამდენიმე და ისინი ნაკრებს უნდა შეეთვისონ. მათი რაციონალურად გამოყენება უნდა მოხდეს. ახალგაზრდა ნაკრებში ყოველთვის უნდა იყოს, იმიტომ, რომ მუდმივად არავინ ვიქნებით ნაკრებში. ადრე თუ გვიან, სწორედ ახალგაზრდობა უნდა ჩაენაცვლოს ძველ შემადგენლობას. ეს პროცესი მწვრთნელმა უნდა განსაზღვროს და აკონტროლოს.
 
– რას იტყვი ნაკრებში გამოძახებულ ახალგაზრდებზე?
 
– ნაკრებში ჯერ მხოლოდ 2 ახალწვეული – აკაკი დვალიშვილი და ბექა ბექაური ვარჯიშობენ. ისინი ძალიან კარგი სპორტსმენები და ადამიანები არიან. ორივე ძალიან მონდომებულია და ჩვენც, ნაკრების გამოცდილი კალათბურთელები მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი შევძინოთ. ყველანაირად დავეხმარები ნაკრების ახალბედა წევრებს, რომლებმაც თავის მხრივ უნდა გაითავისონ, რომ ეროვნული გუნდის წევრები არიან და მათ მთელი ქვეყანა უყურებს.
 
– რას იტყვი ნაკრების ახალ გამთამაშებელ კორი ფიშერზე?
 
– არ მინახავს მისი თამაში და ვერაფერს ვიტყვი. ჩემი განსახილავი არაა მისი თამაში. ნაკრების ხელმძღვანელმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, ფიშერი ნაკრებს გამოადგება.
 
–  17 ივლისიდან ნაკრები ავსტრიაში სრულად შეიკრიბება და შესარჩევ ტურნირამდე 8 საკონტროლო მატჩს გამართავს…

 
– მომზადების ეს პროგრამა უკვე კარგად აპრობირებულია. ნაკრები უკვე წლებია, შეკრებას ავსტრიაში გადის და როგორც შედეგებმა გამოაჩინა, ეს საკმაოდ ხელსაყრელი ვარიანტია. მომზადების კარგი პირობები გვექნება, პლუს ამას, 8 საკონტროლო მატჩი შეთამაშებაში დაგვეხხმარება. ვფიქრობ, შესარჩევი ეტაპის დაწყებისთვის სასურველ ფორმაში ვიქნებით.
კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური