მანუჩარ მარკოიშვილი: ყოველ დღე გამაყუჩებელს ვიკეთებ

მანუჩარ მარკოიშვილი: ყოველ დღე გამაყუჩებელს ვიკეთებ

საქართველოს ეროვნული ნაკრები თავისი არსებობის მანძილზე ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპზეა. ქართველი კალათბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და ჯგუფშიც საკმაოდ პრინციპული მეტოქეები შეხვდათ. ნაკრების თითოეული წევრის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ პოზიციებზე კანდიდატები ასარჩევად ჰყავდეს. ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა ტორინ გრინმა ტრავმა მიიღო და ჯერად გაურკვეველია, როგორ ფორმაში შეხვდება იგი საქართველოს ნაკრების შეკრებას. გუშინ იტალიის „კანტუში“ მოთამაშე მანუჩარ მარკოიშვილს შევეხმიანეთ და როგორც აღმოჩნდა, მასაც ტრავმა აწუხებს. მაშ როგორ თამაშობსო, ჩნდება ბუნებრივი კითხვა – იტალიის სერია A-ს გასულ ტურში ხომ „მანუმ“ 23 წუთში 18 ქულა მიითვალა. როგორც თავად კალათბურთელმა გვითხრა, ის ყოველ დღე გამაყუჩებელ ნემსებს იკეთებს, რათა დეკემბერში დაშავებულმა ფეხის ცერა თითმა არ შეაწუხოს. მანუჩართან სატელეფონო საუბარიც სწორედ მისი ამ პრობლემით დაიწყო
 

 
– მანუჩარ, წინააღმდეგი ხომ არ ხარ, ჩვენს ვებ–გვერდს რომ გაესაუბრო?
– თანახმა ვარ, მაგრამ მომავალ გეგმებზე ნუ ვილაპარაკებთ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ დავიღალე ამაზე ფიქრით. ფეხი მაწუხებს და არ ვიცი, რა იქნება სეზონის დასრულების შემდეგ, ჩემი ტრავმა აუცილებლად მისახედია. არ მინდა, კარიერა ასე ახალგაზრდამ დავამთავრო.
– ბოლო ტურებში საკმაოდ შედეგიანად თამაშობ და გარკვეულწილად, ამიტომაც შეგეხმიანეთ, თუმცა შენგან ტრავმის ამბავი შევიტყვეთ. კონკრეტულად რაშია საქმე?
– გეხსომებათ, დეკემბერში ფეხის ცერა თითზე ტრავმა რომ მივიღე. მაშინ ამის გამო 6 კვირა დავისვენე, მკურნალობამ კარგად ჩაიარა და იანვრის ბოლოს მოედანს დავუბრუნდი. მალევე, იგივე თითზე თამაშისას მეტოქე დამახტა და ტკივილები ხელახლა დამეწყო. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შეზამოიდის ძვალი და კაფსულა მაქვს დაზიანებული, რამაც ანთებითი პროცესი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ექიმებმა მითხრეს, თუ ტკივილი არ შეგაწუხებს, თამაში შეიძლებაო. ჰოდა, გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მოედანს დავუბრუნდი, თუმცა ყოველ დღე, ვარჯიშებსა თუ თამაშებზე, გამაყუჩებელ ნემსებს ვიკეთებ.
– როგორ ატყობ, მოედანზე ყოფნისას მართლა არ გიშლის ეგ ტრავმა?
– ტკივილი ნამდვილად არ მაწუხებს, გამაყუჩებელი თავის საქმეს აკეთებს, თუმცა თავად განსაჯე, დეკემბრამდე მატჩში საშუალოდ 12–13 ქულას ვაგროვებდი, ტრავმის შემდეგ კი ეს შედეგიანობა 2–3 ქულამდე შემცირდა. ღმერთის წყალობით, ბოლო 3 მატჩში კარგად ავთამაშდი, გასულ ტურში სულაც 18 ქულა დავაგროვე. თუმცა ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ დეკემბერ–იანვარში გაცდენილი პერიოდის შემდეგ ფორმა საბოლოოდ აღვიდგინე. თუმცა ახლა სეზონის დასრულებას ველოდები, რომ ამ ნატკენ ფეხს მივხედო.
– კლუბის მხრიდან რამდენად გამართლებულია ის, რომ ყოველ დღე გამაყუჩებელს გიკეთებს და მოედანზე გაყავხარ?
– არა მარტო გამაყუჩებელს. ასევე ვსვავ რამდენიმე აბს, რომელიც საიმისოდაა საჭირო, რომ ამდენი გამაყუჩებლების მიღების შედეგად მუცელი არ არტკივდეს, გული არ ამერიოს. კლუბის ხელმძღვანელობა, ექიმები მეუბნებიან, მთავარია სეზონი ჩაამთავრო, მაგ ფეხსაც მერე მივხედავთო.
– ახლა რომ დაიწყო მკირნალობა, არ გამოვა?
– კლუბს აქვს ოფიციალური დიაგნოზი, რომელიც ადასტურებს, რომ ფეხის მდგომარეობას მოედანზე ყოფნა არ გაართულებს. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რაც უფრო მალე მივხედავ ამ ტრავმას, თუმცა სეზონის ბოლოა, წინ ყველაზე საპასუხისმგებლო მატჩები გველის და „კანტუს“ ხელმძღვანელთა გეგმებში ნამდვილად არ შედის მოედნიდან ჩემი კლინიკაში გადასვლა.
 

 
– სეზონი რომ დასრულდება, მერე რას აპირებ?
– კლუბთან ერთად დავსახავ იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც ვიმკურნალებ. იმედი მაქვს, მალე მოვირჩენ და ეროვნულ ნაკრებსაც დროულად შევუერთდები.
– მკურნალობის ხარჯებს კლუბი დაფარავს? სად უნდა წარიმართოთ თერაპიის კურსი?
– ალბათ საქართველოში ვიმკურნალებ, მთავარი კი სწორი მკურნალობის დანიშვნაა. მკურნალობის ხარჯებს აქამდე თითქმის სულ მე ვფარავდი, კლუბი ამ საქმეში იმ შემთხვევაში ერევა, თუკი მასთან მოქმედი კონტრაქტი გაკავშირებს.
– „კანტუსთან“ კონტრაქტის საქმე როგორაა?
– ამ სეზონის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი წელი დამრჩა, რომელიც გარანტირებული არაა. კლუბის ნებაა, დამიტოვებს თუ არა. რამდენიმე მოთამაშეს უკვე ესაუბრნენ მომავალ სეზონთან დაკავშირებით. იმედია, მეც დამელაპარაკებიან და გავარკვევთ, მიტოვებენ თუ არა.
– თავად თუ გაქვს დარჩენის სურვილი?
– რატომაც არა?! „კანტუ“ კარგი გუნდია, სერია A-ში მეორე ადგილზე ვართ და ვცდილობთ, დარჩენილ მატჩებში ეს პოზიცია შევინარჩუნოთ, რათა ფინალამდე ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა გვქონდეს.
– თქვენი მიზანი ფინალში გასვლაა?
– რა თქმა უნდა. რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე თუ გავალთ, ლოგიკურად, ფინალში თამაშსაც ვიმსახურებთ.
– ფინალის მოგებაზე ფიქრი რამდენად რეალურია?
– ბოლო რამდენიმე წელია, „სიენა“ იტალიურ კალათბურთში დომინირიებს. ძლიერი გუნდია, რომელმაც ევროლიგიდან „ოლიმპიაკოსი“ გააგდო და ოთხთა ფინალში გავიდა. თუკი იტალიის ჩემპიონატის ფინალში გავედით და „სიენას“ შევხვდით, უკეთესი შანსები მეტოქეს ექნება, თუმცა ჩვენ მხოლოდ მოსაგებად გავალთ მოედანზე.
–  იტალიაში მოთამაშე ვიქტორ სანიკიძის შესახებ რას იტყვი. ალბათ ხშირად ნახულობ…
– სერია A-ს ოლ სტარში მოხვედრით „ვიკამ“ უკვე დაამტკიცა, რომ უმაღლესი კლასის კალათბურთელია. ცუდია, რომ „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის დებიუტშივე ფეხი იტკინა, თუმცა მთავარი თავად მიწვევის ფაქტი იყო.
– სამქულიანების კონკურსშიც ვერ იასპარეზა…
– სანიკიძე ჩემი მეგობარია, იგი წარმოუდგენლად მაღლა ხტება, თუმცა ვაღიარებ, რომ ჯეიმს ვაიტთან წარმატების მცირე შანსი ჰქონდა. ამერიკელმა ისეთი რაღაცეები აკეთა, რომ …
– შენს კლუბში ბელგიელი ტაბო ებომა თამაშობს. მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს და თუ საუბრობთ თქვენი ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის მომავალ მატჩზე?
– ვან როსომთან, ისევე როგორც ყველა თანაგუნდელთან, შესანიშნავი ურთიერთობა მაკავშირებს. რა თქმა უნდა, ნაკრებზეც ვსაუბრობთ. ბელგიამ გასულ ზაფხულს 2 მატჩი მოგვიგო და როსომსაც სატრაბახო აქვს, მეუბნება, ევროპის ჩემპიონატზეც დაგამარცხებთო. რაკი მისმა გუნდმა გვაჯობა, მე ბევრს ვერაფერს ვეუბნები. მინდა, მოედანზე დავუმტკიცო, რომ საქართველო ბელგიას სჯობს.
– რეალურად ფიქრობ, რომ ბელგიის და სხვა კონკურენტების დამარცხება შესაძლებელია?
– ახლა შანსებზე საუბარი არაპროფესიონალურად მიმაჩნია. ზოგადად შანსი როგორ არ გვაქვს. მაშ რატომ მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე?! რეალურად რა მოხდება, ამაზე ვერ ვილაპარაკებთ. საამისოდ ბევრი რამის გათვალისწინებაა საჭირო. არ ვიცით, ვინ როგორ ფორმაში შეხვდება ევროპის ჩემპიონატს. ამას როგორც ინდივიდუალურად მოთამაშეებზე, ასევე მთლიანად გუნდზე ვამბობ. როგორ მოვემზადებით, როგორ ჩაივლის ამხანაგური მატჩები. გასათვალისწინებელია ისიც, ნაკრების წევრთაგან თუ ვინ რამდენს თამაშობდა სეზონის განმავლობაში – იმყოფებოდნენ თუ არა კალათბურთელები სისტემატიურად მოედანზე.
– მოსამზადებელი გეგმა ახსენე და რას იტყვი საქართველოს ნაკრების წინასაევროპო გეგმებზე?
– ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი გეგმა საკმაოდ კარგად არის შედგენილი. 12 სპარინგ–მატჩი საკმარისია, რათა გუნდმა კარგად შეთამაშება მოახერხოს. პირველი, რაც თვალში მეცა, ისაა, რომ მოთამაშე, რომელიც 24 ივლისს შეკრებაზე ჩავა, კარგ ფორმაში უნდა იყოს. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ამხანაგური მატჩები შეკრების დაწყებიდან მალევე გვიწევს. თუკი მოთამაშე კარგ ფიზიკურ ფორმაში არ იქნა, რა აზრი აქვს ამხანაგურ მატჩს, კომბინაციების დამუშავებას. ახლა ის ვთქვათ, ვინ როდის ამთავრებს სეზონს. გამყრელიძემ უკვე დაასრულა, ცინცაძეც ალბათ მალე, მაისის შუა რიცხვებში დაამთავრებს. ზოგისთვის გვიან დასრულდება მიმდინარე სეზონი. ახლა უკვე თავად მოთამაშეებზე, მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად გათვლიან და დაგეგმავენ დასვენების პერიოდის. ყველამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეროვნული ნაკრების შეკრებას კარგ ფორმაში შეხვდეს. თუკი ჯანმრთელობამ ხელი შემიწყო, პირობას ვიძლევი, რომ ნაკრებში მომზადებული ჩამოვალ და გუნდისთვის მაქსიმუმს გავიღებ.