მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონობას მიუახლოვდა

მანუჩარ მარკოიშვილი თურქეთის ჩემპიონობას მიუახლოვდა

მანუჩარ მარკოიშვილს თურქეთის ჩემპიონობამდე 1 მოგება აშორებს. „გალათასარაიმ“ ფინალური სერიის მესამე შეხვედრაც მოუგო „ბანვითს“ და საერთო ანგარიშით – 3:0 დაწინაურდა. თუკი პირველი 2 შეხვედრა მარკოიშვილის გუნდმა სტამბოლში მოიგო, ამჯერად ბალიკეშირში იმარჯვა. „გალათასარაი“ მთელი თამაში აგებდა და ფაქტობრივად, გამოუვალ სიტუაციაში იყო, თუმცა ბოლო წუთზე სტამბოლელებმა დიდებულად ითამაშეს და მასპინძებს გამარჯვება გამოჰგლიჯეს – 72:71.
 
სტამბოლელებმა პირველი მეოთხედი 12:24 წააგეს და მდევრის როლში იყვნენ, ვიდრე მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე ენდერ არსლანმა გამარჯვების სამქულიანი არ ჩააგდო. მანამდე კი, ბოლო წუთი რომ დაიწყო, „გალათასარაი“ 65:70 ჩამორჩებოდა. სტუმართა პუერტორიკოელმა გამთამაშებელმა კარლოს აროიომ 2 საჯარიმოთი ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. ფინალურ სირენამდე 24 წამით ადრე ჯერ ბანვითელმა კეიტ საიმონსმა ააცილა, რომელსაც მისმა თანაგუნდელმა კენან ბაირამოვიჩმა არაზუსტად დაამატა და იმავ აროიომ ორქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. სტამბოლელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და დასრულებამდე 11 წამით ადრე სერჰან ერდოღანმა მხოლოდ 1 სროლა ჩააგდო – 71:69 “ბანვითის” სასარგებლოდ.
 
წუთშესვენების შემდეგ „გალათასარაის“ კალათბურთელებმა ბურთი გვერდიდან შემოიტანეს და კვლავ აროიო დაიძრა მასპინძელთა სამწამიანისკენ, თუმცა თითქმის ფარქვეშ შესუმა ბურთი პერიმეტრზე მდგომ ენდერ არსლანს გადააწოდა. ამ უკანასკნელმა დასრულებამდე 5 წამით ადრე ზუსტად შეასრულა სამქულიანი და „გალათასარაის“ 72:71 გაამარჯვებინა.
 
მანუჩარ მარკოიშვილმა სტამბოლელთა შორის ყველაზე მეტ ხანს – 31წუთს ითამაშა და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა უკანახაზელმა 7-დან 2 სამქულიანი და 5-დან 2 ორიანი ჩააგდო, 10 ქულა დააგროვა, რასაც 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ბომბარდირი 15 ქულით კაროს აროიო გახდა, ხოლო მატჩის გმირ არსლანის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
 
ფინალური სერიის მე-4 შეხვედრაც ბალიკეშირში (12 ივნისს) გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში მარკოიშვილის „გალათასარაი’ ჩემპიონი გახდება.