მანუჩარ მარკოიშვილმა ბომბარდირობა ითავა

მანუჩარ მარკოიშვილმა ბომბარდირობა ითავა

მანუჩარ მარკოიშვილი მატჩის ბომბარდირი გახდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გუნდი დამარცხდა. იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ქართველების გუნდი „კანტუმ“ „სკავოლინის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 66:71 წააგო.
 
კანტუელები ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 3 ქულით იგებდნენ, თუმცა სტუმრებს გადამწყვეტ მეოთხედში ვერ გაუმკლავდნენ და საბოლოოდ დამარცხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 18 წუთი ითამაშა, მარკოიშვილს ეს დრო საიმისოდ ეყო, რომ თავისიანთა შორის ყველაზე მეტი ქულა მოეგროვებინა. მანუჩარმა 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მთლიანობაში 12 ქულა დააგროვა და „კანტუს“ შემადგენლობაში ბომბარდირი გახდა. 12 ქულასთან ერთად მარკოიშვილს 4 მოხსნაც ჰქონდა.
 
მხოლოდ 7 წუთი ითამაშა გიორგი შერმადინმა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ორვე საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი კი ააცილა. მისი საბოლოო მონაგარი 2 ქულა და ამდენივე დაფარებაა. „კანტუსთვის“ ეს იყო პირველი მარცხი 4 ტურის შემდეგ ქართველების გუნდი ჯერჯერობით პირველ ადგილზეა. თუმცა დღეს სავარაუდოდ ჩამოქვეითდება, რადგან სერია A-ს დანარჩენი 7 მატჩი სწორედ ამ საღამოს უნდა გაიმართოს. ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ კრემონის „ვანოლის“ მასპინძლობს, ხოლო ნიკა მეტრეველის „დინამო სასარი“ „არმანი ჯინსს“.
 

მარკოიშვილი “სკავოლინის” ფარს უტევს