მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და საპლეიოფო ზონაში შევიდა

მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და საპლეიოფო ზონაში შევიდა

საკალათბურთო სუპერლიგის ერთ მატჩს დღეს ბათუმმა უმასპინძლა. აჭარაში სათამაშოდ პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლი “მარგვეთი” ჩავიდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი პარალელურად საიმისოდ იბრძვის, რომ რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილი არ დაიკავოს, რათა სუპერლიგაში დასარჩენად დამატებითი საკვალიფიკაციო რაუნდის თამაშმა არ მოუწიოს.

მარგვეთს საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდა ბათუმის სახით. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ აჭარულ გუნდს ბოლო 7 მატჩიდან 6 ჰქონდა მოგებული და ერთ-ერთ აუტსაიდერთან საშინაო მატჩში მხოლოდ გამარჯვებას გეგმავდა, რათა სატურნირო მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. გამარჯვების შემთხვევაში ბათუმელები ცხრილში კაკტუსს, თსუ-ს და დელტას ასწრებდნენ, თუმცა მოულოდნელად მარცხი განიცადეს. მარგვეთის ბათუმში გამარჯვება გვარიანად მოულოდნელი შედეგი იყო მიმდინარე სუპერლიგის გუნდების ძალთა ბალანსის გათვალისწინებით, რაც ჩერქეზიშვილის გუნდის დიდი მონდომებისა და ბრძოლისუნარიანობის შედეგია.

პირველი პერიოდის 3 ქულით მოგების შემდეგ, მარგვეთმა მეორე ათწუთეულში მასპინძლებს ყველა კომპონენტში აჯობა. შედეგად დიდ შესვენებაზე სტუმრები უკვე 15 ქულას იგებდნენ. ვითარება არც მეორე ნახევარში შეიცვალა. გუნდური თამაშის წყალობით მარგვეთმა მესამე პერიოდი 28:15 მოიგო და მატჩის ბედი თამაშის დასრულებამდე 1 პერიოდით ადრე გადაწყვიტა. ჩერქეზიშვილის გუნდი 28 ქულით იგებდა, რისი გაბათილებაც სენსაციის ტოლფასი იყო და არც მომხდარა. 

მარგვეთი მშვიდად მივიდა საბოლოო გამარჯვებამდე – 96:69 (სტატისტიკა). სტუმრებს რონი როზიემ და მარქუს გილსონმა ულიდერეს. პირველმა 26 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა მიითვალა, ხოლო გილსონის ანგარიშზე 19 ქულა, 9 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. 17 ქულით, 5 პასითა და 4 ჩაჭრით გამოირჩა ნიკა ჩეჩელაშვილი. ბათუმელთა რიგებში საუკეთესო შედეგი კაილი რიდლიმ დააფქსირა, რომელმაც 29 ქულა, 6 მოხსნა და 5 ჩაჭრა დააგროვა, თუმცა ბურთი 7-ჯერ დაკარგა. 

ამ გამარჯვებით მარგვეთმა საპლეიოფო ზონაში, მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა მე-9-ზე მყოფ ქუთაისს მასზე ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული და ქულით ჩამორჩება.