საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-4 ტურის ბოლოსწინა შეხვედრა „თბილისი არენაზე“ შედგა, სადაც საინტერესო იმერული დერბი გაიმართა — ზესტაფონის „მარგვეთმა“ ტყიბულის „ორბს“ უმასპინძლა. იმის გამო, რომ ზესტაფონის სპორტული დარბაზი დაკავებულია, „მარგვეთი“ საშინაო მატჩებს დროებით თბილისში მართავს.
მატჩი პრინციპული და უაღრესად დაძაბული გამოდგა. ტყიბულელებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი, ალექს მეთიუსი აკლდათ, ხოლო ზესტაფონელებმა ეროვნული ნაკრების უგუნდოდ მყოფი მოთამაშე, კახა ჯინჭარაძე დაიმატეს. ამ ფაქტორებმა შეხვედრას განსაკუთრებული ინტრიგა შესძინა და მთელი მატჩის განმავლობაში გუნდები თანაბრად იბრძოდნენ. „ორბი“ ძირითადად წინ იყო, თუმცა ზესტაფონელები მუდმივად ინარჩუნებდნენ შანსს და ქულა-ქულაზე მიჰყვებოდნენ მეტოქეს. მატჩის გადამწყვეტ წუთებში ბექა ლომაშვილმა ბოლო წუთებზე ზედიზედ ორი ზუსტი სამქულიანით ტყიბულელებს ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოუპოვა, რის აღმოფხვრაც „მარგვეთმა“ ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ „ორბმა“ 78:75 იმარჯვა.
შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები ინდივიდუალური მაჩვენებლებით იყვნენ ბექა ლომაშვილი (24 ქულა, 9 მოხსნა), კევონ ვესტი (23 ქულა, 11 მოხსნა, 7 პასი) და ჰენრი ვეტერი (12 ქულა) „ორბის“ შემადგენლობიდან, ხოლო „მარგვეთის“ რიგებში ჯაზირ ტრემბლი (16 ქულა, 6 პასი), ტიერნო სილა (13 ქულა, 9 მოხსნა), კახა ჯინჭარაძე (13 ქულა) და ჯასტინ ვებსტერი (13 ქულა) გამოირჩნენ.
სუპერლიგის მე-4 ტური დღეს იმერეთში დასრულდება, სადაც ადგილობრივი „ქუთაისი“ დაუმარცხებელ „თსუ“-ს უმასპინძლებს. საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში „თსუ“-ს აქტივში სამიდან სამი მოგებაა, ხოლო „ქუთაისი“ სამივე შეხვედრაში დამარცხდა.