მარკიზ ჰაინსი “გრან კანარიის” ერთ-ერთი ლიდერია

მარკიზ ჰაინსი “გრან კანარიის” ერთ-ერთი ლიდერია

ესპანურ „გრან კანარიაში“ ჩინებულად ათამაშდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მარკიზ ჰაინსი. ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში კანარიელებმა შინ 92:65 გაანადგურეს გერმანული „არტლანდ დრაგონსი“ და ამ პრესტიჟული ტურნირის რეგულარული ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.
 
პირველ მატჩში, რომელიც 1 კვირის წინ გერმანიაში გაიმართა, ჰაინსმა 26 წუთში 14 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. იმავე შეხვედრაში მეორე ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა ტორინ გრინმა 10 წუთში 3 ქულა მიითვალა. შეგახსენებთ, რომ გრინმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გასულ ევრობასკეტზე ტრავმის გამო ვერ ითამაშა. პირველი შეხვედრა „გრან კანარიამ“ სტუმრად 61:56 მოიგო და თითქმის მაშინვე გადაწყვიდა ამ ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი. საპასუხო მატჩში კი კუნძულელებმა 27 ქულის სხვაობით გაანადგურეს „დრაკონები“ და ევროთასზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
 

მარკიზ ჰაინსი (მარცხნივ)  “არტლანდთან”
დაცვაშიც კარგად გაისარჯა
 
ჰაინსმა საპასუხო შეხვედრაშიც ხუთეულში ითამაშა. მარკიზმა მოედანზე გატარებულ 29 წუთში 12 ქულა, 2 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ჰაინსმა 7-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.კანარიელთა ბომბარდირ ხავიერ რეის კი 14 ქულა ჰქონდა.
 
რაც შეეხება ტორინ გრინს, მან 16 წუთი ითამაშა და სამივე სამქულიანი ააცილა. მის ანგარიშზე საჯარიმოდან მითვლილი 1 ქულა იყო, რასაც გრინმა 3 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა.
 
ევროთასის ჯგუფები და გათამაშების კალენდარი უახლოეს ხანებში შედგება.