მარკოიშვილი ათს აცდა, მაგრამ “კანტუმ” “სიენას” ვერ გაუთანაბრა

მარკოიშვილი ათს აცდა, მაგრამ “კანტუმ” “სიენას” ვერ გაუთანაბრა

მანუჩრ მარკოიშვილის გუნდს შანსი ჰქონდა, იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ ბოლო მომენტში სათანადო მობილიზება ვერ მოახერხა და „სიენასთან შინაური შეხვედრა 65:69 დათმო. შესაბამისად, „კანტუ“ სერიაში 1:3 ჩამორჩა და ჩემპიონი რომ გახდეს, მძლავრი მეტოქე ზედიზედ სამჯერ უნდა დაამარცოს.
 
„სიენამ“ მიმდინარე სეზონის რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ 5 თამაში წააგო, ხოლო ევროლიგაზე ოთხთა ფინალში გავიდა. ეს გუნდი ბოლო წლებში იტალიის უცვლელი ჩემპიონია და მარკოიშვილის გუნდი რომ სათანადო წინააღმდეგობას უწევს, კანტუელთა მონდომებაზე მიუთითებს. ფინალურ სერიაში 2 გასვლითი მარცხის შემდეგ „კანტუმ“ მესამე მატჩი მოიგო და წუხანდელ შეხვედრაშიც გამარჯვებისგან შორს არ ყოფილა. მაგრამ, რომ იტყვიან, ძალა აღმართს ხნავსო – „სიენამ“ საკვანძო მატჩი მოიგო და ახლა ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯიღა აშორებს.
 
ქართველმა უკანახაზელმა ფინალურ სერიაში უკვე მეორედ გადააბიჯა 10–ქულიან ზღვარს. ეს მანუჩარმა პირველსავე მატჩში მოახერხა, როცა 14 ქულით საუკეთესო გახდა. ამჯერად მან 11 ქულა მიითვალა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მისი სროლის სტატისტიკა საკმაოდ არასახარბიელო იყო. მარკოიშვილმა 7–დან 1 ორქულიანი და 4–დან 1 სამიანი ჩააგდო. ქულების უმეტესობა მან საჯარიმოს ხაზიდან დააგროვა: 8–დან 6. გარდა ამისა, მარკოიშვილს 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასიც დაუგროვდა. ეს ყველაფერი ქართველმა უკანახაზალმა 22 წუთში მოასწრო.
 

 
 
 
სერიის მომდევნო მატჩი სიენაში 19 ივნისს გაიმართება.