მარკოიშვილი ევროჩელენჯის პლეი ოფში ფრანგებს გაეჯიბრება

ფიბა–ევროპის მიერ ორგანიზებულ „ევროჩელენჯზე“ მეორე ჯგუფური ეტაპი დასრულდა – იქ საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი ერთი პლეი ოფში გავიდა, ერთსაც სულ ცოტა დააკლდა იქ მოხვედრამდე.
ტაირონ ელისის „კახასოლს“ შინ მოგება უნდოდა და ჯგუფიდან გასული იყო, მაგრამ რუსული „ურალ გრეიტის“ დამარცხება ვერ მოახერხა. ქართულად ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი ტაირონ ელისი საკუთარ გუნდში საუეთესო იყო, თუმცა მისმა გარჯამ ნაყოფი ვერ გამოიღო – „კახასოლი“ 76:81 დამარცხდა.
ელისმა ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 35 წუთი გაატარა. მან 16 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დააგროვა, რაც თავის გუნდში საუკეთესო შედეგი კი გახლდათ, მაგრამ საბოლოოდ გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
შინ 57:69 წააგო მანუჩარ მარკოიშვილის „ბკ კიევმაც“, მაგრამ უკრაინულ გუნდს პლეი ოფში გასვლა ბოლო ტურამდე გაენაღდებინა და ამ დამარცხებით ბევრიც არაფერი გაუკარგავთ. ერთი ისაა, რომ იტალიური „ვირტუსის“ დამარცხების შემთხვევაში კიეველები მეოთხედფინალში  სხვა ჯგუფში მეორეზე გასულ გუნდს ხვდებოდნენ. ახლა კი მარკოიშვილის გუნდს პირველზე გასული ფრანგული „შოლე“ შეხვდება.
რაც შეეხება „ვირტუსტან“ მატჩს, მარკოიშვილმა 36 წუთი ითამაშა და მოედანი 5 პერსონალურის გამო რომ არ დაეტოვებინა, ალბათ შეუცვლელად ჩაამათავრებდა შეხვედრას. ქართველმა უკანახაზელმა 11–დან 5 ორქულიანი და 6–დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო პერიმეტრსმიღმიდან ნასროლი ოთხივე ბურთი ააცილა. ამასთან, მანუჩარმა 3 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მოიხვეჭა. მასზე უკეთესი შედეგი კიეველთაგან არტურ დროზდოვს ჰქონდა.
მეოთხედფინალური სერიის პირველი შეხვედრა 17 მარტს გაიმართება. „ბკ კიევი“ ჯერ საფრანგეთში შეხვდება „შოლეს“, ხოლო 2 დღეში კიევში უმასპინძლებს. თუ საჭირო გახდა, გადამწყვეტი, მესამე მატჩი კვლავ საფრანგეთში გაიმართება 25 მარტს.
 

მანუჩარ მარკოიშვილმა პეტერი კოპონენი ჰაერში აახტუნა