მარკოიშვილი იტალიის სუპერთასს ვერ შესწვდა

მარკოიშვილი იტალიის სუპერთასს ვერ შესწვდა

მანუჩარ მარკოიშვილის გუნდს სულ ცოტა დააკლდა იტალიის სუპერთასამდე. სიენის „მონტეპასკი“ უგებს ყველას და იგებს ყველა ტურნირს, რაც კი ბოლო წლებში იტალიის მასშტაბით იმართება. სერჯიო პიანიჯანის გუნდი იტალიაში ბოლო დროს გათამაშებული ყველა თასისა ტიტულის გამარჯვებულია. საკუთარ კოლექციას სიენელებმა წუხელ იტალიის სუპერთასი შემატეს, რომელიც „კანტუსთან“ დაძაბულ შეხვედრაში მოიპოვეს.
 

 
კანტუელები თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე იგებდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ მარკოიშვილის გუნდი 32:24 ლიდერობდა, თუმცა მესამე მეოთხედში სიენელებმა გარდატეხა მოახდინეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს – 47:48. ბოლო ათწუთეულში დიდი ბრძოლა გაიმართა და საბოლოოდ სიენელებმა მაინც თავისი გაიტანეს – 73:70.
 
მარკოიშვილი მოედანზე ერთ–ერთი საუკეთესო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა უკანახაზელმა მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, მან საკმაოდ ბევრი – 8 ქულის მითვლა მოასწრო (კანტუს ბომბარდირ მიკოვს 13 ქულა ჰქონდა). მანუჩარმა მხოლოდ 5 ორქულიანი ესროლა, საიდანაც 4 მიზანში გაარტყა. მის ანგარიშზე 8 ქულასთან ერთად 1 მოხსნაც იყო. რაც შეეხებათ სიენელებს, მათ 25 ქულით კრისტოფ ლავრინოვიჩმა ულიდერა. მაკედონური პასპორტის მქონე ამერიკელმა ბო მაკალებმა კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.