მარკოიშვილი მიმდინარე სეზონს 15 ქულით და ბომბარდირობით დაემშვიდობა

მარკოიშვილი მიმდინარე სეზონს 15 ქულით და ბომბარდირობით დაემშვიდობა

მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინისთვის სეზონი დასრულდა. ქართველების „კანტუმ“ მეოთხედფინალირი სერიის მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა „სკავოლინისთან“ შინაურ ქალაქში, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ 69:78 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

არადა, „კანტუმ“ სერია 2 შინაური გამარჯვებით დაიწყო და მეოთხედფინალური ბარიერის დასაძლევად ერთადერთი მოგება ესაჭირეობოდა, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა კანტუელებმა ვერ მოახერხეს. „სკავოლინიმ“ შინ 2 მატჩი მოიგო, სერია გაათანაბრა და წუხელ გამართულ გადამწყვეტ მატჩშიც „კანტუ“ მისსავე მოედანზე დაამარცხა.
ისიც უნდა ითქვას, რომ კანტუელები ამ მატჩს და ზოგადად სერიას დიდი დანაკლისით შეხვდნენ. გიორგი შერმადინთან ერთად მატჩი ტრავმის გამო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ანდრეა ჩინჩინარიმ გამოტოვა. პირველი და მეორე მეოთხედი ფრედ დასრულდა. პესაროელებმა მეორე ტაიმში იძალეს და საბოლოოდ მათთვის საამაყო გამარჯვება იზეიმეს.
მანუჩარ მარკოიშვილმა რაც შეეძლო, გააკეთა. ქართველი უკანახაზელი კანტუელთაგან ბომბარდირი გახდა. მან 33 წუთი ითამაშა და ყველაზე მეტი – 15 ქულა მოაგროვა. მანუჩარი შეუდარებლად ისროდა. მან 11 დან 7 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 2-დან 1 საჯარიმო მოაყოლა. მარკოიშვილს ასევე 5 მოხსნა (მეორე შედეგი კანტუში) და 1 ჩაჭრა ჰქონდა.
მაშ ასე, სანიკიძის შემდეგ სერია „ა“-ს სეზონი მარკოიშვილმა და ტრავმირებულმა შერმადინმაც დაასრულეს. იტალიაში ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნიკა მეტრეველი აგრძელებს, რომლის „სასარი დინამოც“ ნახევარფინალურ სერიაში იტალიურ გრანდ „სიენას“ ხვდება.