მანუჩარ მარკოიშვილმა რაც შეეძლო, გააკეთა, თავის გუნდში საუკეთესო შედეგი აჩვენა და ზოგადად, ჩინებულად ითამაშა, მაგრამ მისი „კანტუ“ ფინალური სერიის პირველ მატჩში მაინც უშანსოდ დამარცხდა „მონტეპასკისთან“ – 75:100. ამრიგად, იტალიის ჩემპიონატის საჩემპიონო სერია, რომელიც 4 გამარჯვებამდეა, დაიწყო. რეგულარული ჩემპიონატისა და ბოლო სეზონების მომგებმა „მონტეპასკიმ“ სიენაში, შინაურ არენაზე, ზედმეტი გაჭირვების გარეშე დაამარცხა „კანტუ“ და სერიაში 1:0 დაწინაურდა.
ქართველი უკანახაზელი ხუთეულში იყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 6–დან 3 ორქულინი, 4–დან 2 სამიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, მანუჩარმა 14 ქულა მოაგროვა და ამით კანტუელთაგან ბომბარდირიც გახდა. 12–12 ქულა ბენჟამინ ორტნერს, მაიკ გრინსა და ნიკოლას მაცარინოს ჰქონდათ. მარკოიშვილმა 14 ქულას 4 პასი, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრაც მოაყოლა და საბოლოოდ კანტუელთაგან ყველაზე მაღალი საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტი დააგროვა – 15.
„კანტუს“ მესამე მეოთხედის ბოლოს მცირე შანსი კიდევ შერჩენოდა, რადგან მეტოქეს 13 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. მეოთხე ათწუთეული მასპინძლებმა 12 ქულით მოიგეს და საბოლოოდ სოლიდური სხვაობით იმარჯვეს. მასპინძელთაგან 15–15 ქულით საუკეთესოები ლესტერ მაკალები და კჟიშტოფ ლავრინოვიჩი იყვნენ.
სერიის მომდევნო შეხვედრაც სიენაში, 13 ივნისს გაიმართება.