მარკოიშვილის 10 ქულა და მისი გუნდის საბედისწერო მარცხი ევროთასზე

მარკოიშვილის 10 ქულა და მისი გუნდის საბედისწერო მარცხი ევროთასზე

მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილია” ევროთასს გამოეთიშა. ევროლიგის შემდეგ რანგით მეორე ევროტურნირის ნახევარფინალში იტალიურმა კლუბმა სერიის მეორე მატჩიც დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა. 

რეჯიოემილიელები ფინალში რუსულმა “ლოკომოტივ-ყუბანმა” არ შეუშვა. 3 დღის წინ მარკოიშვილის გუნდი კრასნოდარში დამარცხდა, მეორე შეხვედრა კი შინაურ არენაზე 23 მარტს – 69:79 დათმო და სერიაში დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 26:35 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 2-ვე ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

სარგებლიანობის კოეფიციენტის (13) მიხედვით, მარკოიშვილი მხოლოდ ამერიკელ ჯეიმს უაიტს ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა ჩააგდო. ევროთასის ფინალში ყუბანის “ლოკომოტივი” თურქულ “დარუშაფაკას” ეთამაშება, რომელმაც მიუნხენის “ბაიერნს” სერია ასევე 2:0 მოუგო.