მარკოიშვილის 12 ქულამ ოლიმპია წაგებისგან ვერ იხსნა

მანუჩარ მარკოიშვილის “ოლიმპიამ” აღნიშნული სათამაშო დღის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ შეხვედრაში შინ ერთი ქულა დაუთმო ბელგრადის “პარტისანს” და 70:71 დამარცხდა. მარკოიშვილის მონაგარმა 12 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა და 1 პასი შეადგინა. მანუ მოედანზე 35 წუთს იმყოფებოდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
მარკოიშვილი ტურნირის დაწყებიდან ერთ მატჩში საშუალოდ 8.4 ქულას აგროვებს და ფინელ უკანახაზელ ტეემუ რანიკოსთან ერთად თავისი გუნდის საუკეთესო და ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა. B ჯგუფში “ოლიმპიას” 5 მატჩის მერე მხოლოდ ერთი მოგება აქვს მოპოვებული.