მარკოიშვილის 15 ქულა “კანტუს” რომში არ ეყო

მარკოიშვილის 15 ქულა “კანტუს” რომში არ ეყო

იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიის „კანადიან სოლარი“ ისვენებდა. შესაბამისად, არ უთამაშია ლიგის ერთ–ერთ საუკეთესო კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეს. არ ითამაშა არც გიორგი შერმადინმა, ოღონდ „ბენეტ კანტუს“ ქართველ ცენტრს ტრავმა აწუხებდა, მანუჩარ მარკოიშვილმა კი ვერაფერი უშველა კანტუელებს, რომლებიც „რომასთან“ უიმედოდ – 74:91 დამარცხდნენ.
 
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 31 წუთი ითამაშა. მანუჩარმა 6 ცდიდან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანიდან რომაელთა კალათში 3 მოათავსა. 15 ქულასთან ერთად 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც მიითვალა. მარკოიშვილზე უკეთესი შედეგი კანტუელთაგან მხოლოდ ნიკოლას მაცარინოს ჰქონდა – 18 ქულა და 5 პასი.
 
„კანტუს“ 8 თამაშიდან 5 მოგება აქვს და „ვარეზესთან“ და „ბიელასთან“ ერთად III-V ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი მარკოიშვილ–შერმადინის გუნდს 4 დეკემბერს სტუმრად „სიენასთან“ ელის.
 
დაახლოებით იგივე ანგარიშით იმარჯვა ნიკა მეტრეველის „დინამო სასარიმ“, რითაც „კანტუ“ დამარცხდა. დინამოელებმა „ტერამოს“ უმასპინძლეს და მეტოქე 91:73 დაამარცხეს. ქართველმა ფორვარტმა მოედანზე 11 წუთი გაატარა 4 ქულასთან ერთად 1 მოხსნა მიითვალა. ნიკამ საშუალო დისტანციიდან სამჯერ შეუტია მეტოქის კალათს, საიდანაც 2 ჩააგდო. მეტრეველის გუნდელმა ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლიმ 31 წუთი 15 წუთი, 4 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.
 
სასარელებს 6 თამაშიდან 3 მოგება აქვთ და ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში 4 დეკემბერს მეტრეველის გუნდი სანიკიძის „კანადიან სოლარს“ შეხვდება.