მარკოიშვილის 20-მა ქულამ კანტუ ჯგუფიდან ვერ გაიყვანა

მარკოიშვილის 20-მა ქულამ კანტუ ჯგუფიდან ვერ გაიყვანა

მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“ ევროლიგის ჯგუფიდან გასასვლელად მცირედი დააკლდა. იტალიურმა კლუბმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში სტამბოლში, „ფენერბაჰჩესთან“ დაძაბულ ბრძოლაში წააგო და მომდევნო ეტაპზე ვეღარ გავიდა. კანტუელები მოგების ანსს ბოლო წუებამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ მასპინზლების დამარცხება ვერ მოახერხეს.
 
მარკოიშვილის გუნდმა წინა მატჩში შინ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა და ბოლო ტურში მხოლოდ საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული. თუკი სტამბოლში იმარჯვებდა, ჯგუფში „ფენერბაჰჩე“ რჩებოდა და თურქული გუნდის ადგილს „კანტუ“ იკავებდა. იტალიურმა გუნდმა პირველი მეოთხედი 22:18 მოიგო, მაგრამ მეორეში მასპინძლებმა იძალეს და დიდი შესვენებისთვის 43:38 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში „კანტუმ“ მოსაგებად გაიწია, რაც მეტწილად ქართველი ლეგიონერის დამსახურება იყო. მარკოიშვილი შედეგიანი იყო შეტევაში და დაცვაშიც კარგად ირჯებოდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა და მატჩის ბომბარდირი გახდა.
 

 
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა კანტუელთაგან ყველაზე მეტი – 36 წუთი ითამაშა. ქართველმა უკანახაზელმა 5-დან 3 ორქულიანი, 7-დან 4 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 20 ქულასთან ერთად მანუჩარმა 3 მოხსნა და 1 პასიც მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. მისმა მარგი ქმედეგის კოეფიციენტმა 18 შეადგინა, რაც  კანტუელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ, მთლიანად მატჩში კი ამ მაჩვენებლით მხოლოდ ბო მაკალებს (19) ჩამორჩა.
 
მატჩის ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა „კანტუ“ მოგების შანსს, მაგრამ მასპინძლებმა გადამწყვეტ მომენტში მეტი სიზუსტე გამოიჩინეს და საბოლოოდ 77:69 იმარჯვეს. ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი: „პანათინაიკოსი“, „რეალი“, „ხიმკი“ და „ფენერბაჰჩე“ გავიდნენ. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ და გიორგი შერმადინის „მაკაბი“, რომელთა თამაშებიც თბილისის დროით გვიან ღამე დასრულდება.
 
A  ჯგუფი

რეალი

7

3

832

738

94
ხიმკი

6

4

753

754

-1
პანათინაიკოსი

6

4

748

722

26
ფენერბაჰჩე

5

5

727

738

-11
ოლიმპია

3

7

722

808

-86
კანტუ

3

7

708

730

-22