მარკოიშვილის 21 ქულა და საუკეთესო მატჩი გალათასარაიში

მარკოიშვილის 21 ქულა და საუკეთესო მატჩი გალათასარაიში

თურქეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში მანუჩარ მარკოიშვილმა „გალათასარაიში“ პირადი რეკორდი დააფიქსირა. ეს იყო ქართველი უკანახაზელის ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი თურქულ კლუბში. „გალათასარაიმ“ სტუმრად „ოლინ ედრინი“ 69:59 რომ დაამარცხა, ამაში მარკოიშვილის წვლილი ძალიან დიდია. ქართველმა უკანახაზელმა პირად ანგარიშზე 21 ქულა ჩააგდო და მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
 

 
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 25,20 წუთი გაატარა. მანუჩარმა 10-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. სავარაუდოდ, იგი უფრო მეტს მოაგროვებდა, თუმცა მოედანი 5 პერსონალურის გამო დატოვა. წინა მატჩის მსგავსად, მარკოიშვილს ქულების გარდა სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი არ მოუხვეჭავს.
 
ქართველ უკანახაზელთან ერთად სტამბოლელთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ კარლოს აროიომ გადალახა, რომელმაც 15 ქულას 7 პასიც მოაყოლა. 8-8 ქულა ჰქონდათ ერსინ დაგლისა და მილან მაჩვანს.
 
16 მოგებითა და 3 მარცხით „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატში 1-2 ადგილებს „პინარ ქარშიაქასთან“ იყოფს. მომდევნო ტურში, 2 მარტს, მარკოიშვილის გუნდი „ერდემირს“ უმასპინძლებს.