მარკოიშვილის 22 და შერმადინის 10 ქულა “კანტუს” გამარჯვებაში

მარკოიშვილის 22 და შერმადინის 10 ქულა “კანტუს” გამარჯვებაში

მანუჩარ მარკოიშვილის ბრწყინვალე მატჩი იტალიის თასის გათამაშებაში „კანტუს“ ქართველმა უკანახაზელმა „აველინოსთან“ გამართულ მეოთხედფინალში 22 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დიდად დაეხმარა. კანტუელებმა პირველი მეოთხედის წაგების შემდეგ თამაში გამოასწორეს და საბოლოოდ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს – 99:70.
მარკოიშვილი გიორგი შერმადინის მსგავსად სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა შეცვლაზე შესულს თამაში წაუვიდა და მწვრთნელმა იგი მთლიანობაში 25 წუთს დაასაქმა. მანუჩარმა 5-დან 3 ორქულიანი, 7-დან 5 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 22 ქულას მარკოიშვილმა 3 მოხსნა და ამდენივე პასიც მიუმატა. მანუჩარი საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მას სარგებლიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 31 ჰქონდა.

გიორგი შერმადინს თამაშმა 13 წუთს მოუწია, თუმცა, როგორც ხშირად მომხდარა, კარგი შედეგის დასაფიქსირებლად ქართველმა ცენტრმა მცირედი დროც იკმარა. შერმადინმა შეუცდომლად ესროლა: 4-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო. გიორგიმ საბოლოოდ 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. კანტუელთაგან 5 მოხსნაზე მეტი არავის ჰქონია, ხოლო ეს შედეგი შერმადინთან ერთად გრეგ ბრუნერმა და დორონ პერკინსმა დააფიქსირეს.
„კანტუ“ ნახევარფინალშია და დღეს ღამე ფინალში გასასვლელად „სკავოლინის“ გაეჯიბრება, რომელმაც თავის მხრივ გუშინ „ვენეცია“ დაამარცხა. მეორე ნახევარფინალში ვიქტორ სანიკიძის გუნდის მომგები „არმანი“ და „სიენა“ ითამაშებენ.