მარკოიშვილის 23 ქულა “რეალთან” და MVP-ის ტიტულის მოგების შანსი

მარკოიშვილის 23 ქულა “რეალთან” და MVP-ის ტიტულის მოგების შანსი

23 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება – ასეთია მანუჩარ მარკოიშვილის მონაგარი ევროლიგის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც „კანტუმ“ ევროკალათბურთის გრანდი, მადრიდის „რეალი“ 76:70 დაამარცხა. ქართველი უკანახაზელისთვის ეს მიმდინარე სეზონის საუკეთესო მატჩი იყო.
 
ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში ბოლო ადგილზე მყოფ კანტუელებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდათ, რასაც მარკოიშვილის წყალობით მისღწიეს კიდეც. ევროვარსკვლავებით გადაჭედილი „რეალის“ წინააღმდეგ მანუჩარი შეუჩრებელი იყო. 12–დან 3 ორქულიანი, 5–დან 3 სამიანი და 8–დან 8 საჯარიმო – ესაა მარკოიშვილის სროლათა სტატისტიკა, რისი გათვალისწინებითაც მას მატჩში ყველაზე მაღალი მარგი ქმედეგი კოეფიციენტი (23) დაუგროვდა.    
 
კანტუელთაგან მარკოიშვილის კვალზე ჯონათან ტაბუ გამოირჩა, რომელმაც 14 ქულა და 5–5 მოხსნა–პასი დააგროვა. 11 ქულა ჰქონდა მაარტენ ლუნენს, მარკო კუზინმა კი 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. მადრიდელთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო ჯეისი კეროლი, ხოლო ესპანეთის ნაკრების წევრმა სერჟიო ლულმა 17 დააგროვა. ფელიპე რეიესის ანგარიშზე მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი დაფიქსირდა – 11 ქულა, 10 მოხსნა.
  
ამ წარმატებამ კანტუელებს საშუალება მისცა, ბოლო ადგილისთვის თავი დაეღწიათ. მარკოიშვილის გუნდს 3 მოგება და 6 წაგება აქვს და A ჯგუფში მე–5 ადგილზეა. მეოთხეზე 4–4 მოგებ–წაგებით „ფენერბაჰჩეა“, რომელსაც მარკოიშვილის გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 13 დეკემბერს სტუმრად ეთამაშება. სწორედ ამ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული, მოხვდებიან თუ არა კანტუელები ჯგუფიდან გამსვლელ 4 საუკეთესო გუნდში.
 
მარკოიშვილს შანსი აქვს, ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდეს. დღევანდელ მატჩებში მარკოიშვილზე უკეთსო მარგი ქმედების კოეფიციენტი არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონდა და თუკი 7 დეკემბრის მატჩებშიც არავინ გამოჩნდება, რომელიც ქართველი უკანახაზელის შედეგს გადაფარავს, მარკოიშვილი MVP გახდება. მანუჩარი ევროლიგის ტურის საუკეთესო გასული სეზონის ტოპ–16–ის ბოლო ტურში გამხდარა. მაშინ “კანტუმ” კაუნასში 77:71 დაამარცხა “ჟალგირისი”, ქართველმა უკანახაზელმა კი 32 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 2 მოხსნა დააგროვა.
 
ამავე ტურში გამარჯვებას მიაღწია და პირველი ადგილი შეინარჩუნა გიორგი შერმადინის „მაკაბიმ“. თელავივურმა გუნდმა პოლონეთში „პროკომი“ 89:73 დაამარცხა, თუმცა ქართველმა ცენტრმა კვლავ მცირე ხნით ითამაშა. შერმადინი მოედანზე ოთხნახევარი წუთით გამოჩნდა და თითო ქულა, მოხსნა და დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2 საჯარიმო ესროლა და 1 ჩააგდო.
 
ამავე ჯგუფში იმარჯვა ესპანურმა „უნიკახამ“, რომელსაც „მაკაბის“ დარად 7 მოგება და 2 მარცხი აქვს. ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ კი მესამე ადგილზეა და 7 დეკემბერს საფრანგეთში „შალონს“ დაუპირისპირდება. B ჯგუფში ორივე „ქართულ“ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა განაღდებული აქვს.
 

 
A ჯგუფი
რეალი                          6          3          741      678      63
პანათინაიკოსი           5          3          602      589      13
 ხიმკი                           5          3          603      603      0
ფენერბაჰჩე                 4          4          595      600      -5
კანტუ                           3          6          639      653      -14
ოლიმპია                      2          6          588      645      -57
 
B ჯგუფი
მაკაბი                         7          2          732      646      86
 უნიკახა                     7          2          676      653      23
სიენა                           5          3          688      641      47
ალბა                           4          5          660      670      -10
 შალონი                     2          6          612      654      -42
პროკომი                    1          8          609      713      -104
 
 
 
A ჯგუფი
კანტუ (იტალია) – რეალი (ესპანეთი) 76:70
B ჯგუფი
პროკომი (პოლონეთი) – მაკაბი (ისრაელი) 73:89, ალბა (გერმანია) – უნიკახა (ესპანეთი) 63:74
C ჯგუფი
ცედევიტა (ხორვატია) – ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) 62:84
D ჯგუფი
ცსკა (რუსეთი) – ბეშიქთაში (თურქეთი) 87:72, პარტიზანი (სერბეთი) – ბარსელონა (ესპანეთი) 67:68