მარკოიშვილის “ბკ კიევი” ნახევარფინალურ სერიაში1:2 ჩამორჩა

მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევმა” უკრაინის ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში “დონეცკთან” გასვლითი მატჩი 78:85 წააგო და 1:2 ჩამორჩა.
წამყვანი ლეგიონერების გუნდიდან წასვლის შემდეგ აშკარად დასუსტებული კიეველები უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 7 ქულით კი დამარცხდნენ, თუმცა, მატჩის ბედი ჯერ კიდევ შესვენებისთვის გადაწყდა, როცა მასპინძლები 21 ქულით იგებდნენ.
მარკოიშვილმა მოედანზე 36 წუთი გაატარა და “ბკ კიევს” 13 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა, მსაჯებს კი 4 პერსონალური ფოლი დასტყუა.
13 მაისს გუნდები ისევ დონეცკში ითამაშებენ და გამარჯვების შემთხვევაში, ფინალის საგზურს “დონეცკი” მიიღებს. ხოლო თუ კიეველებმა იმარჯვეს, მე-5, გადამწყვეტი მატჩი 15 მაისს უკრაინის დედაქალაქში გაიმართება.
უკრაინის ჩემპიონატის პირველი ფინალისტი მარიუპოლის “აზოვმაშია”, რომელმაც ნახევარფინალში იუჟნის “ხიმიკს” 3:0 სძლია.