მარკოიშვილის “გალათასარაიმ” მეოთხედფინალი რიხით დაიწყო

მარკოიშვილის “გალათასარაიმ” მეოთხედფინალი რიხით დაიწყო

თურქეთის რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასულმა „გალათასარაიმ“ პლეი ოფში გადაინაცვლა და მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში ბურსას „თოფაში“ 92:64 გაანადგურა. სერია 2 გამარჯვებამდე გრძელდება და ნახევარფინალში გასული გუნდი „ფენერბაჰჩესა“ და „ქარშიაქას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
 
მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა იოლად კი გაიმარჯვა, თუმცა პირველ ტაიმში ბურსელების გვარიან წინააღმდეგობას წააწყდა. საწყისი მეოთხედი 2626 დასრულდა, დიდი შესვენებისთვის კი „გალათასარაი“ მხოლოდ 5 ქულას იგებდა. მეორე ტაიმში მასპინძლები სრულ უპირატესობას დაეუფლნენ და საბოლოოდ 28 ქულის სხვაობით იმარჯვეს.
 

 
გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა ქართველმა უკანახაზელმა, რომელმაც იშვიათ სიზუსტით ესროლა: 2-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო. 9 ქულასთან ერთად მანუჩარმა თითო მოხსნა, პასი და ჩაჭრა მიითვალა და მარგი ქმედების კოეფიციენტით სტამბოლელთა შორის კარლოს აროიოსა და ერსინ დაგლის ჩამორჩა.
 
მომდევნო მატჩი 21 მაისს ბურსაში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში „გალა“ ნახევარფინალში გავა. არადა, სერიის მესამე, გადამწყვეტ შეხვედრას სტამბოლის „აბდი იპექჩის“ არენა უმასპინძლებს (თარიღი ჯერ დადგენილი არაა).