მარკოიშვილის გაწვრთნილმა მონაკომ შენგელიას ბარსელონას სძლია და პლეი ოფში გავიდა

მარკოიშვილის გაწვრთნილმა მონაკომ შენგელიას ბარსელონას სძლია და პლეი ოფში გავიდა

ევროლიგის პლეი ოფის ბოლო, მე-8 საგზურის მფლობელი გაირკვა. მისი მფლობელი გახდა მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი მონაკო, რომელმაც პლეი ინის გადამწყვეტ მატჩში თორნიკე შენგელიას ბარსელონა დაამარცხა და მეოთხედფინალურ სერიაში ბერძნულ გრანდს, პირეოსის ოლიმპიაკოსს შეუწყვულდა. 

მონაკომ ხელიდან არ გაუშვა მოედნის უპირატესობა, რაც იმის წყალობით მიიღო, რომ რეგულარული ჩემპიონატი ბარსაზე მაღლა დაასრულა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და მონაკოელთა გამარჯვებით – 79:70 დასრულდა.

შენგელიამ მოედანზე 29:04 წუთი გაატარა და 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ბარსა ევროლიგის პლეი ოფის მიღმა 2017-18 წლების სეზონიდან მოყოლებული პირველად დარჩა.

მონაკოსა და ოლიმპიაკოსის სერიის პირველი მატჩი 28 აპრილს გაიმართება. სერია 3 მოგებამდეა და სხვა წყვილები ასე გამოიყურება: ვალენსია (ესპანეთი) – პანათინაიკოსი (საბერძნეთი), რეალი (ესპანეთი) – ჰაპოელ თელ ავივი (ისრაელი), ფენერბაჰჩე (თურქეთი) – ჟალგირისი (ლიეტუვა).