მარკოიშვილის გუნდმა ევროჩელენჯი რუსეთში მარცხით დაიწყო

მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევი” ევროთასის გათამაშებიდან ბერძნულმა “პანიონიოსმა” გამოაგდო, თუმც კიეველები ევროტურნირის გარეშე არ დარჩენილან. უკრაინულმა გუნდმა რანგით დაბალ შეჯიბრში – ევროჩელენჯად წოდებულ ტურნირში გადაინაცვლა და ჯგუფში გერმანულ “სკაილაინერსთან”, ესტონურ “კალევთან” და რუსულ “ტრიუმფთან” მოხვდა. კიეველებს პირველი მატჩი წუხელ ჰქონდათ “ტრიუმფთან” და ესტონეთში მოთამაშე ქართველებისგან განსხვავებით მარკოიშვილმა ზედმეტი გართულებების გარეშე მიიღო რუსეთის ვიზა.

მანუჩარ მარკოიშვილი
“ტრიუმფი” არაა ურიგო გუნდი, მოსკოვის რეგიონ ლიუბეტსკში საკმაოდ სოლიდურ შემადგენლობას მოუყარეს თავი. რაღა შორს წავიდეთ და ერთ–ერთი უძლიერესი სერბი ცენტრი, ნენად კრსტიჩი, რომელიც გასულ სეზონში ნბა–ში (ნიუ ჯერსიში) თამაშობდა და შესანიშნავადაც, ახლა “ტრიუმფის” ღირსებას იცავს. სწორედ კრსტიჩი გახდა კიეველთათვის შეუჩერებელი. სებრმა ცენტრმა 17 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, რაც საკმარისი აღმოჩნდა უკრაინული გუნდის დასამარცხებლად – 67:64.
მარკოიშვილის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში უძალიანდებოდა მასპინძლებს, ბოლო მეოთხედი 4 ქულითაც მოიგო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მარკოიშვილს ხუთეულში არ დაუწყია თამაში, მაგრამ მოედანზე 27 წუთი გაატარა, რის განმავლობაშიც 6 ქულა, 3 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. მანუჩარმა ააცილა სამივე ორქულიანი, ხოლო შორი დისტანციიდან ნასროლი 4 სამიანიდან 2 მოათავსა ლიუბეტსკელთა კალათში.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში “კალევმა” ტალინში 77:75 დაამარცხა “სკაილაინერსი”. მომდევნო ტურში, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართება, კიეველები შინ “კალევს” უმასპინძლებენ.