მარკოიშვილის “კანტუმ” ევროლიგის საკვალიფიკაციო გამარჯვებით დაიწყო

მარკოიშვილის “კანტუმ” ევროლიგის საკვალიფიკაციო გამარჯვებით დაიწყო

მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ წარმატებით დაძლია ევროლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ბარიერი. გათამაშების სისტემა ასეთია: ევროლიგის ბოლო, ერთი საგზურისთვის 8 გუნდი იბრძვის. ესენი არიან: ყაზანის „უნიკსი“, გერმანული „ულმი“, უკრაინული „დონეცკი“, ფრანგული „ლე მანი“, ჩეხური „ნიმბრუკი“, ბელგიური „ოსტენდე“ და ბულგარული „აკადემიკი“. ეს უკანასკნელი უკვე გამოეთიშა საგზურისთვის ბრძოლა, ბულგარელები მეოთხედფინალური დაპირისპირებიდან კანტუელებმა გამოაგდეს. სწორედ პლეი ოფის სისტემით იმართება საკვალიფიკაციო ეტაპი. 8 გუნდი დაწყვილდა და მომდევნო ეტაპზე გასვლა ერთი გამარჯვებით მიიღწევა.
 
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბულგარული გუნდი არ ტყდებოდა. პირველი ტაიმის შემდეგ “კანტუ” ერთ ქულას იგებდა (48:47) და იმ დროისთვის მარკოიშვილს უკვე 13 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. ანდრეა ტრინკიერის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მე-2 ნახევარში მოიპოვა, როდესაც დაცვაში უფრო ყურადღებით ათამაშდა და ბულგარელებს გასაქანი აღარ მისცა. ბოლო ათწუთეულში მასპინძლებმა 4 ქულით აჯობეს ბულგარელებს და საბოლოოდ 87:79 გაიმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ჩეხურ ნიმბრუკს შეხვდებიან. ჩეხებმა მეოთხედფინალშ ბელგიური „ოსტენდე“ 83:65 გაანადგურეს.
 
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 33 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 10-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, 15 ქულას კი 3 შედეგიანი გადაცემაც წაამატა. მარკოიშვილმა ბურთი ორჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი სამჯერ დაჯარიმდნენ.კანტუელთაგან სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი ჯერი სმიტს ჰქონდა, რომელმაც 13 ქულას 7 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ალექს ტიუსმა 18 ქულა ჩააგდო, ხოლო პეტრო არადორი და მარკო კუზინი 12-12 ქულას გამორჩნენ.
 
საპლეიოფო ბადის მეორე მხარეს მყოფი გუნდები (უნიკსი, ულმი, ლე მანი, დონეცკი) ასპარეზობაში დღეს ჩაერთვებიან, ხოლო „კანტუ“ „ნიმბრუკს“ ხვალ, 27 სექტემბერს დაუპირისპირდება.