მარკოიშვილის “კანტუმ” მემორიალზე მესამე ადგილი დაიკავა

მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუმ” მესამე ადგილი დაიკავა იტალიაში გამართულ რუფეოს მემორიალზე. ქართველი კალათბურთელის კლუბმა ნახევარფინალში “ფერარასრთან” ოვერტაიმში 87:92 წააგო, “მანუმ” კი 14 ქულა მიითვალა. მარკოიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ მე-3 ადგილისთვის მატჩშიც, სადაც 12 ქულა ჩააგდო, კანტუელებმა კი “ანჯელიკო ბიელა” 97:75 გაანადგურეს.
შეხვედრის დასკვნით მეოთხედში მანუჩარმა ზედიზედ შვიდი ქულა მიითვალა და “მედიკალ კანტუ” 79:61 დააწინაურა, რითაც მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.
11 ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში, მარკოიშვილის გუნდი ტრევიზოს “ბენეტონს” უმასპინძლებს.
საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე გამართულ ოთხთა ტურნირზე ასევე ერთი გამარჯვება იზეიმა გიორგი ცინცაძის “ტრიკალამ“. საწყის შეხვედრაში ტრიკალელები მასპინძელ “კოლოსოსთან” 78:81 დამარცხდნენ, ქართველმა კალათბურთელმა კი 11 ქულა მიითვალა. “კავალასთან” მოგებულ (86:73) მატჩში გიორგი 6 ქულას დასჯერდა.
7 ოქტომბერს “ტრიკალა” საბერძნეთის თასზე “ოლიმპიას” გაეჯიბრება. 
მოსკოვიდან ათენში ალექსანდრ გომელსკის თასით ხელდამშვენებული დაბრუნდა ათენის “პანათინაიკოსი”, რომელმაც რუსეთში გამართულ ოთხთა ტურნირზე ორივე მატჩის მოგება მოახერხა.
ბერძნულმა გრანდმა ნახევარფინალში რუსული “ტრიუმფი” 66:62 დაამარცხა, ფინალში კი მოსკოვის ცსკა-ს 78:72 სძლია.
“პანათაინაიკოსის” ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა პირველ შეხვედრაში ასპარეზობა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა, საწყის წუთებზევე ცხვირი გაუტეხეს და მოედანს ორიოდ კვირით ჩამოშორდა.
           
 

ბურთითაა მანუჩარ მარკოიშვილი