მარკოიშვილის “კანტუმ” სერია A–ში მეორე ადგილი განიმტკიცა

მარკოიშვილის “კანტუმ” სერია A–ში მეორე ადგილი განიმტკიცა

იტალიის სერია A
მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ უკვე სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს, რომ იტალიაში „სიენას“ შემდეგ პირველი გუნდია. ქართველი ფორვარდის გუნდმა სერია A–ს მორიგ ტურშიც გაიმარჯვა და თუკი აქამდე ზიარად ფლობდა მეორე ადგილს, ახლა ერთპიროვნული მეორეადგილოსანია. იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „კანტუმ“ სტუმრად სესარის „დინამო“ 76:74 დაამარცხა და 23 მატჩიდან 17 მოგებით მეორე ადგილზე ერთპიროვნულად დამკვიდრდა. „კანტუს“ წინ მხოლოდ „სიენაა“, იტალიური კალათბურთის ბოლო წლების ლიდერი.
 
მანუჩარ მარკოიშვილმა „დინამოსთან“ მატჩში 19 წუთს ითამაშა და 10 ქულაც მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3–დან 2 ორქულიანი და 4–დან 2 სამიანი ჩააგდო, პლუს ამას 2 პასი და 1 მოხსნაც მიითვალა. კანტუელთაგან საუკეთესო კი ნიკოლას მაცარინო გახლდათ 17 ქულით.
 
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
ტაირონ ელისმა 17 ქულა მოინაგრა, მისმა „ესტუდიანტესმა“ კი შინ „სარაგოსა“ 106:89 დაამარცხა. ელისი, რომელსაც ჯიბეში ქართული პასპორტი უდევს და თუკი საქართველოს ნაკრების სერბი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ისურვებს, ჩვენს ნაკრებს ლიტვაში დაეხმარება, აღნიშნული მატჩის ერთ–ერთი საუკეთესო გახლდათ. ტაირონმა თავისი სნაიპერული თვისებები კარგად წარმოაჩინა და სარაგოსელებს 5 სამქულიანიც ჩაუგდო – 9 ცდიდან. ამას გარდა ელისმა ორიდან ერთი ორიანიც მიითვალა.
 
14 მოგებითა და 13 მარცხით „ესტუდიანტესი“ მე–10 ადგილზე იმყოფება. უნდა აღინიშნოს, რომ მოგებ–წაგებათა ანალოგიური ბალანსი აქვთ ტორინ გრინის „გრან კანარიასა“ და ქუინტონ ჰოსლის „ხუვენტუდსაც“. ეს სამივე ამერიკელი მოთამაშე კი, მოგეხსენებათ, ქართულ პასპორტებს ფლობენ და საქართველოს ნაკრებში თამაშის უფლებაც აქვთ.
 
ჰოსლის „ხუვენტუდმა“ ამ ტურში ფიცხელი ბრძოლა გადაიტანა „ალიკანტესთან“, თუმცა საბოლოოდ საწადელსა და 2 ქულას მაინც მიაღწია – 75:73. ჰოსლის ბევრი არ უთამაშია, მოედანზე 19 წუთი დაჰყო და შესაბამისად, მისი მონაგარიც შედარებით მოკრძალებულიც იყო – 7 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი. ჰოსლიმ 3–დან 2 ორიანი და 2–დან 1 სამქულიანი მიითვალა.
 
ნიკა ცქიტიშვილის „ლაგუნ არო“ თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდ „ვალენსიასთან“ დამარცხდა – 75:84. ქართველ ფორვარდს ამ ბოლო ხანებში ცოტა ხანს უწევს მოედანზე ყოფნა. ნიკამ მოედანზე 6 წუთი დაჰყო და 3 ქულის მოგროვება მოახერხა. მან ერთადერთი ნასროლი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზიდან 2–დან 1 სროლა გამოიყენა.
 
„ლაგუნ არო“ 27 მატჩიდან 9 გამარჯვებით მე–14 ადგილზეა.