მარკოიშვილის კანტუმ წარმატებული სერია ვენეციაში შეწყვიტა

მარკოიშვილის კანტუმ წარმატებული სერია ვენეციაში შეწყვიტა

იტალიის სერია A-ში მოპოვებული ზედიზედ 5 გამარჯვების შემდეგ „კანტუ“ დამარცხდა. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი ვენეციაში „უმანას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 79:83 წააგო.
 
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, თავი 12 ქულას მოუყარა და ამასთან ერთად 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც მოაგროვა. კანტუელთაგან 5 კალათბურთელი გადასცდა 10-ქულიან ზღვარს, თუმცა არც ერთ მათგანს 15-ზე მეტი არ მოუგროვებია. ვენეციელთაგან ნბა-ში ნათამაშევი იაკუბუ დიავარა გამოირჩა, რომელმაც 29 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
 
ეს „კანტუსთვის“ მე-5 მარცხი გახლდათ, თუმცა მარკოიშვილის გუნდი მე-4 ადგილს ინარჩუნებს. ტურის ბოლო მატჩი ორშაბათს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ და „რეჯიო ემილია“ შეხვდებიან.