მარკოიშვილის “კიევმა” პირველი წრე წაუგებლად დაასრულა

უკრაინის ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა, მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევმი” კი კვლავ დაუმარცხებელია. კიეველებმა მეშვიდე ტურში უმთავრესი კონკურენტი “აზოვმაში” 84:76 დაამარცხეს, ვისთანაც გასულ სეზონში ჩემპიონობა დათმეს.
მარკოიშვილმა მატჩის ზუსტად ნახევარი, 20 წუთი ითამაშა და თავისიანებს 7 ქულით, 4 მოხსნით, 2 პასითა და 1 ჩაჭრით შეეწია. მანუმ 4–დან 1 ორიანი ჩააგგდო, 2 შორეული სროლიდანაც 1–ხელ მიაღწია მიზანს, ხოლო 2 საჯარიმოდან ორივე ზუსტად სტყორცნა.
კიეველებმა პირველი მეოთხედი 28:20 მოიგეს და ამის შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. დედაქალაქელთა მწვრთნელი საშა ობრადოვიჩი გაკვირვებული იყო თავისი შეგირდების კარგი თამაშით, რომლებმაც 3 დღის წინ დიდი ბრძოლა გადაიტანეს ევროსათასო მეტოქე “პანელინიოსთან” შეხვედრაში.
მომდევნო მატჩს კიეველები უკრაინის თასზე გამართავენ და მათი მეტოქე “დონეცკი” იქნება.