მარკოიშვილის საუკეთესო შედეგი და “კანტუს” დასანანი მარცხი

მარკოიშვილის საუკეთესო შედეგი და “კანტუს” დასანანი მარცხი

ძალიან ცოტა დააკლდა მანუჩარ მარკოიშვილს, რომ მატჩის გმირი გამხდარიყო. ყველაფერიც აქეთკენ მიდიოდა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე კანტუელებმა მეტოქისგან ორქულიანი მიიღეს და მატჩი 64:65 დათმეს.
ქართველი უკანახაზელის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად „კანტუ“ იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში დამარცხდა. კანტუელებმა დასანანი მარცხი სტუმრად „სასარი დინამოსგან“ იწვნიეს. მატჩის ბოლოსწინა წამზე დრეიკ დინერმა საკუთარი ძმა ტრევისისგან პასი მიიღო და ზუსტი სროლით დინამოელებს გამარჯვება მოუტანა. დინერის ორქულიანი კანტუელთა კალათში სირენის თანხლებით ჩაეშვა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 65:64.

მარკოიშვილმა გამარჯვებისთვის ბევრი გააკეთა. მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ქართველმა უკანახაზელმა მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი 61:59 დააწინაურა. მთლიანობაში კი მარკოიშვილმა 16 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა, რაც საკუთარ „კანტუში“ საუკეთესო შედეგი გახლდათ. მანუჩარის მარგი ქმედების კოეფიციენტმა მოედანზე მყოფთაგან ყველაზე მეტი – 18 შეადგინა, თუმცა ქართველი უკანახაზელის გარჯა საბოლოოდ გამარჯვებით ვერ დაგვირგვინდა.
„კანტუ“ სერია A-ში პირველად დამარცხდა. მომდევნო ტურში, 21 ოქტომბერს, „კანტუ“ „ბრინდისის“ უმასპინძლებს. რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძეს, მისი „სიენა“ ამ ტურის შეხვედრას ხვალ, „ვარეზესთან“ სტუმრად ჩაატარებს.
VIDEO: დრეიკ დინერის გამარჯვების ბურთი