მარკოიშვილმა 28 ქულით კიეველებს მოსკოვში “დინამო” დაამარცხებინა

 
მანუჩარ მარკოიშვილმა მოსკოვში დასრულებულ ტურნირზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. მისი დიდებული თამაშის წყალობით უკრაინულმა “ბკ კიევმა” მოსკოვის “დინამოს” სენსაციურად 86:73 სძლია და ბანკ VTB-ს მიერ ორგანიზებულ ერთიანი ლიგის გათამაშებაში მე-3 ადგილის დაკავება შეძლო. “მანუმ” ბრინჯაოს მატჩში 28 ქულა მიითვალა და ტურნირზე ინდივიდუალური პრიზის მფლობელიც გახდა.
შეჯიბრში, რომელიც მოსკოვში წლეულს პირველად გაიმართა, აღმოსავლეთ ევროპის კლუბები გამოდიოდნენ. რუსეთის, უკრაინის, ლიტვის, ლატვიისა და პოლონეთის გუნდებმა მინი-გათამაშება სამ დღეში ჩაატიეს და გამარჯვებულიც გამოავლინეს.
მარკოიშვილის “ბკ კიევმა” მეოთხედფინალში ლიტვურ “ჟალგირისს” 74:67 სძლია, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონ მოსკოვის ცსკა-სთან 58:88 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლების მოპოვებაღა მოახერხა. ცსკა–სთან ქართველმა უკანახაზელმა თავისიანთაგან ყველაზე მეტი, 17 ქულა მიითვალა.
 

 
“დინამოსთან” მატჩში კიეველები ფავორიტად ნამდვილად არ მოიაზრებოდნენ, თუმცა, მარკოიშვილის ლიდერობით სასახელო გამარჯვება გამოსჭედეს. გადამწყვეტი შეხვედრის მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც კიეველებმა 33:15 მოიგეს და მეტოქე უშანსოდ დატოვეს.
მანუჩარს თამაში უკრაინული გუნდის სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია, მაგრამ საბოლოოდ მოედანზე 31 წუთი დაჰყო და ფაქტობრივად უშეცდომოდ გაისარჯა.
ჩვენებურის მიერ განხორციელებული 18 ტყორცნიდან 16 (!) ზუსტი გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა 8-ვე საჯარიმო, 4-ვე სამქულიანი და 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ამგვარად მოგროვებულ 28 ქულას 5 მოხსნა და 1 პასი წაამატა.
მარკოიშვილის მაჩვენებელი ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ და შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ქართველს ტურნირის საუკეთესო მსუბუქი ფორვარდისთვის განკუთვნილი პრიზიც გადასცეს.