გადაინაცვლა ფინალურმა სერიამ კანტუში და გამოაჩინა მარკოიშვილის გუნდმა საკუთარი ძალა. სერიის მესამე მატჩის შემდეგ სულაც არ ჩანს, რომ „კანტუ“ უშანსოდაა „სიენასთან“. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა 80:71 გაიმარჯვა და ფინალში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 1:2.
მატჩი დაძაბული გამოვიდა. სიენელებმა პირველი მეოთხედი 19:14 მოიგეს, თუმცა შემდეგ მასპინძებმა უპირატესობა მოიპოვეს და დიდ შესვენებაზე 6–ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 39:33. მეორე ტაიმში დიდი ბრძოლა გაიმართა, თუმცა ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა სიმტკიცე გამოიჩინეს და საწადელს მიაღწიეს.
მარკოიშვილი მალიქ ჰეარტსონისა და მარკო იარიჩის გარემოცვაში
წინა მატჩებისგან განსხვავებით, მარკოიშვილი ხუთეულში არ ყოფილა. ქართველი უკანახაზელი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ეს დრო მას სრულებით ეყო, მატჩის ერთ–ერთი საუკეთესო შედეგი ეჩვენებინა. მარკოიშვილმა 2–დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ასეთივე წარმატებით ისროლა შორი დისტანციიდან. ამას „მანუმ“ 2–დან 2 საჯარიმო წაამატა და 7 ქულას მოუყარა თავი. მანუჩარმა თავი დაცვაში თამაშით უფრო გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის სხვა ლიდერებზე გაცილებით ცოტა ხანს ითამაშა, ყველაზე მეტი – 4 ბურთი ჩაჭრა. გარდა ამისა, მანუჩარს 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარებაც მოუგროვდა. მაიკ გრინთან, ნიკოლას მაცარინოსთან და ვლადიმირ მიკოვთან ერთად მარკოიშილი ის კალათბურთელი იყო, რომელმაც კანტუელთა გამარჯვება განაპირობა.
სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება, მომდევნო მატჩი კი ისევ „კანტუს“ მოედანზე, 17 ივნისს გაიმართება.
მარკოიშვილი წუთშესვენებაზე ანდრეა ტრინჩიერისგან დარიგებებს იღებს