მარკოიშვილმა და შერმადინმა სტამბოლში 8-8 ქულა მიითვალეს

მარკოიშვილმა და შერმადინმა სტამბოლში 8-8 ქულა მიითვალეს

ევროლიგის მორიგ ტურში დასანანი მარცხი იწვნია მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუმ“. სტამბოლში, „ფენერბახჩესთან“ გამართულ მატჩში კანტუელებმა ბოლომდე იბრძოლეს, ძირითადი დროის ბოლო წუთზე 4–ქულიანი ჩამორჩენაც გააბათილეს და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანეს. იქ კი ძალა აღარ ეყოთ სტუმრებს და 2 ქულის სხვაობით – 83:85 დამარცხდნენ.
 
დამატებით დროში მოედანზე ქართველთაგან მხოლოდ მარკოიშვილი გამოჩნდა, რომელმაც საფინალო სირენამდე 12 წამით ადრე სამქულიანი მიითვალა და კანტუელთა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. მომდევნო შეტევაში მანუჩარმა ვერ მოახერხა იგივეს გაკეთება, თორემ ის უდაოდ მატჩის გმირი გახდებოდა. საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე მარკოიშვილის პასით ჯანლუკა ბაზილემ კი ჩააგდო სამქულიანი, მაგრამ ეს მხოლოდ სხვაობის შესამცირებლად აღმოჩნდა საკმარისი.
 

 
მანუჩარმა მოედანზე 16:00 წუთი გაატარა და 8 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. 21:13 წუთი ითამაშა გიორგი შერმადინმა, ვისი მონაგარიც ასევე 8 ქულა და 1 მოხსნა გახლდათ. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 2 საჯარიმო გამოიყენა.
 
 კანტუელთა მხრიდან ათქულიან ზღვარს მაზარინო (12), ბასილე (12), ლეუნენი (11) და მარკონატო (11) გადასცდნენ, სტამბულელთაგან კი მსგავსი მაჩვენებლით ერთბაშად ექვსი კალათბურთელი გამოირჩა, რომელთაგან საუკეთესო ომერ ონანი გახლდათ – 18 ქულა.
 
„კანტუს“ 5 მატჩიდან 3 მოგება აქვს და ჯგუფში კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს კანტუელები სტუმრად ფრანგული „ნანსის“ წინააღმდეგ ითამაშებენ.