მარკოიშვილმა “გალათასარაისთან” 2–წლიანი კონტრაქტი გააფორმა

მარკოიშვილმა “გალათასარაისთან” 2–წლიანი კონტრაქტი გააფორმა

მანუჩარ მარკოიშვილი კარიერას თურქულ გრანდში გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა კონტრაქტი სტამბოლის „გალათასარაისთან“ გააფორმა. ამის შესახებ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით თურქული და იტალიური ვებ–გამოცემები, ასევე ევროპის ერთ–ერთი უმთავრესი საკალათბურთო პორტალი eurobasket.com-ი იტყობინება. მარკოიშვილმა „გალათასარაისთან“ 2–წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
 
ინფორმაციის თანახმად, მარკოიშვილი ორშაბათს, 28 იანვარს, ჩავა სტამბოლში და თავის ახალ გუნდს შეუერთდება. ქართველი ფორვარდი „კანტუში“ სამწლიანი კონტრაქტის ბოლო სეზონს თამაშობდა. ამის გამო „კანტუ“ გამოსასყიდის სახით თურქული კლუბისგან 500 ათას ევროს მიიღებს. მარკოიშვილი სტამბოლურ კლუბში 2013–2014 წლების სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
 
„გალათასარაიმ“, რომელიც ევროთასის მეორე ჯგუფურ ეტაპზეა, მოულოდნელად დაკარგა უკანახაზელი დევიდ ჰოკინსი, რომელსაც სისხლში აკრძალული პრეპარატების კვალი უპოვეს და თამაში აუკრძალეს. „გალათასარაი“ ევროთასთან ერთად თურქეთის ჩემპიონატის მოსაგებად იბრძვის. შიდა ჩემპიონატში სტამბოლელებს 13 მოგება და 3 მარცხი აქვთ და ცხრილში მე–3 ადგილზე არიან.
 
მარკოიშვილმა იტალიის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 13 ქულას, 3,3 მოხსნას და 2,1 პასს აგროვებდა. იგი მოედანზე საშუალოდ 28,6 წუთს ატარებდა. რაც შეეხება ევროლიგას, მანუჩარმა მიმდინარე გათამაშებაში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი საშუალო მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 12,6 ქულა, 2,5 მოხსნა და 1,7 პასი.
 

 
ამასეობაში, მანუჩარმა „კანტუს“ შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა. კანტუელებმა სერია „ა“-ში ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს – ამჯერად შინაურ არენაზე. „კანტუმ“ „რომას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 60:65 წააგო. ქართველი უკანახაზელის გუნდმა წინა ტურში მატჩი ვენეციაში დათმო, არადა, მანამდე ზედიზედ 5 მატჩი ჰქონდა მოგებული.
 
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის სათადარიგოთა სკამიდან აერთო თამაშში და მოედანზე 26 წუთი დაჰყო. ქართველმა კალათბურთელმა 5–დან 2 ორქულიანი ჩააგდო, რასაც 6–დან 1 სამიანი და 4–დან 3 საჯარიმო მოაყოლა და თამაში 10 ქულით დაასრულა. ამასთან ერთად მანუჩარს თითო პასი, მოხსნა და ჩაჭრა ჰქონდა.
 
კანტუელთაგან საუკეთესო შედეგი ჯონათან ტაბუს ჰქონდა, რომელმაც 12 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა. 12 ქულით და 6 მოხსნით დაასრულა შეხვედრა პიეტრო არადორიმ. რომაელებს 18 ქულით ლუიჯი დატომემ ულიდერა.
 
„კანტუ“, რომელსაც 11 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა, მე–4 ადგილი სწორედ „რომას“ დაუთმო და მე–5 საფეხურზე ჩამოქვეითდა. ამ ტურის ბოლო მატჩი ორშანათს გაიმართება დ ამასში ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ სტუმრად „ბრინდისის“ დაუპირისპირდება.