მარკოიშვილმა “კანტუს” 12 ქულა მიაშველა

მარკოიშვილმა “კანტუს” 12 ქულა მიაშველა

 იტალიის სერია A
იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში შაბათს ეს ერთადერთი მატჩი გაიმართა. მანუჩარ მარკოიშვილმა მორიგ ტურში კარგად ითამაშა და თავის გუნდ „კანტუს“ „მონტეგრანაროს“ დამარცხებაში დაეხმარა – 67:56.
 
ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 25 წუთი გაატარა და 7 ორქულიანიდან 3 ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანი ცდიდან 2 გამოიყენა. მთლიანობაში მანუჩარმა 12 ქულა მოაგროვა, რასაც 4 მოხსნა და 2 პასი მოაყოლა. ის თავისი გუნდის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ ამ მატჩში.
 
„კანტუმ“ ამ გამარჯვებით მეორე ადგილი გაიმყარა. არა აქვს მნიშვნელობა, რას იზავს დღეს მდევარი „არმანი“ – კანტუელები მაინც მეორე ადგილზე დარჩებიან. ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ დღეს ღამეს „დინამო სასარის“ ეთამაშება.
 

 
სლოვენიის ჩემპიონატი
მორიგი გამარჯვება მოიპოვა ვლადიმერ ბოისასა და გიორგი შერმადინის „ოლიმპიამ“. ლიუბლიანელებმა შინ „მარიბორი“ გაანადგურეს – 102:68. „ოლიმპიასთვის“ ეს სამიდან მესამე გამარჯვება იყო – ანალოგიური შედეგი აქვს ნოვო მესტოს „კრკასაც“. ეს 2 გუნდი სლოვენიის ჩემპიონატს ლიდერობს.
 
ორივე ჩვენიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა ბევრი არც ერთს არ უთამაშია. ეს ბუნებრივიცაა – შეხვედრა სუსტ მეტოქესთან იყო და მწვრთნელმაც ძირითადის ხალხი არ გადაღალა. სათამაშო დრო მეტ–ნაკლებად ყველა კალათბურთელზე გადაანაწილა.
 
ბოისამ მოედანზე 16 წუთი დაჰყო და 5 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მან 2–დან 2 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინმა 12 წუთს ითამაშა და უფრო შედეგიანი იყო. გიორგიმ 9 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. იგი სარგებლიანობის კოეფიციენტით მხოლოდ იაკა კლოუნჩარს (29 წუთში 8 ქულა და 10 მოხსნა) ჩამორჩა.
 
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
საქართველოს ნაკრების ერთადერთი მოთამაშე გავიდა შაბათს მოედანზე. ნატურალიზებულმა ამერიკელმა ქუინტონ ჰოსლიმ ცუდად არ ითამაშა, თუმცა მისი „ხუვენტუდი“ სტუმრად „უნიკახასთან“ სასტიკად შერცხვა – 55:111.
 
ჰოსლი ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა. მან 6–დან 4 ორქულიანი, 4–დან 1 სამიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 3 მოხსნით ჰოსლი თავის გუნდში წილი მაკდონალდთან საუკეთესო იყო. მოხსნებში „უნიკახამ“ ხუვენტუდელებმა სასტიკად დაჩაგრა – 46:16.
 
„ხუვენტუდს“ 14 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს და მე–11 ადგილზე იმყოფება.