მარკოიშვილმა კიევს ვერ უშველა

მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევმა” უკრაინის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი დაკარგა. ეს უკანასკნელ ტურში მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქელებმა საკუთარ მოედანზე მდევარ “აზოვმაშთან” 57:59 წააგეს. ახლა “ბკ კიევსა” და “აზოვმაშს” მოგება-წაგებათა თანაბარი ბალანსი აქვთ – 18 გამარჯვება და 3 მარცხი. დანარჩენი მეტოქეები მათ საკმაოდ ჩამორჩებიან. შედარებისთვის, მე-3 ადგილზე მყოფი “დონეცკის” აქტივში მხოლოდ 12 მოგებაა.
“აზოვმაშთან” “ბკ კიევის” მარცხი პრინციპში, მოსალოდნელი იყო, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, დედაქალაქელებმა ფინანსური კრიზისის გამო, ერთბაშად რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა კიეველებმა მხოლოდ 6 მოთამაშით ჩაატარეს, მაშინ, როცა მეტოქემ 9 კალათბურთელს მისცა მოედანზე გასვლის საშუალება. ამის მიუხედავად, დედაქალაქელებს მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირებაში თავი არ შეურცხვენიათ და ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის ბედი მხოლოდ უკანასკნელ წამებზე გაირკვა.
კიეველთა მხრიდან, ყველაზე შედეგიანი ქართველი კალათბურთელი იყო, რომელიც გუნდს 15 ქულით შეეწია. „მანუს“ 8 ორქულიანიდან 3 გამოუვიდა შედეგიანი, ხოლო ამდენივე სამქულიანი ცდიდან მიზანს ერთხელ უწია. საჯარიმოები კი, გაცილებით უკეთ შეასრულა – 7 ტყორცნიდან მხოლოდ ერთი გაუცუდდა. ამის გარდა, მარკოიშვილმა, რომელმაც მატჩი თითქმის შეუცვლელად ჩაატარა, პირად აქტივში 3 მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი ჩაიწერა.