მარკოიშვილმა “პოლტავას” 21 ქულა ჩაუგდო

 მანუჩარ მარკოიშვილი განაგრძობს წარმატებულ თამაშს უკრაინის ჩემპიონობისთვის მებრძოლ “ბკ კიევში”. ქართველმა ფორვარდმა მორიგი შეხვედრა მოაგებინა კიეველებს უკრაინის ჩემპიონატის 24-ე ტურის შეხვედრაში. დედაქალაქელებმა საკუთარ მოედანზე “პოლტავა” დაამარცხეს  75:64.
ქართველმა დედაქალაქელებს “პოლტავასთან” შეხვედრაშიც ულიდერა და გუნდი საბოლოოდ გამარჯვებამდეც მიიყვანა. დაძაბულ ბრძოლაში ჩავლილი სამი მეოთხედის შემდეგ, მასპინძლები ბოლო პერიოდს მხოლოდ 2-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, თუმცა გადამწყვეტი ათწუთეული კიეველებმა 25:16 მოიგეს და საბოლოოდ 75:64 იმარჯვეს.
მარკოიშვილმა თითქმის შეუცვლელად, 38 წუთი ითამაშა და 21 ქულით შეხვედრის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მანუმ 10 ორქულიანიდან მიზანში ზუსტად ნახევარი მოარტყა, პერიმეტრიდან შესრულებული 5 ტყორცნიდან 3 შედეგიანი გამოუვიდა, ამასთან, ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. ქართველ ლეგიონერს თავი არც სხვა კომპონენტებში შეურცხვენია – ქულებთან ერთად მან 8 მოხსნა (შეხვედრის მონაწილეთაგან მხოლოდ თანაგუნდელ დროზდოვს ჩამორჩა) და 2-2 ჩაჭრა-პასი მიითვალა.
ჩემპიონატის ცხრილში კვლავ ორხელისუფლებიანობაა: კიეველები და მარიუპოლის „აზოვმაში“ 21-21 მოგებით პირველ–მეორე ადგილებს იყოფენ.
 

მარკოიშვილი პოლტაველ დამცველს გაექცა